ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხათუნა არველაძემ
„ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონი“, სიმბოლურად, 9 პარილს,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გააპროტესტა.
მისი თქმით, მაშინ როცა მმართველი პარტია ორგანიზაციების
გამჭვირვალობის აუცილებლობაზე აპელირებს, თავად გაუმჭვირვალეა და
მისთვის არასასურველ ინფორმაციას იგივე ბიუჯეტის გაფლანგვის
საკითხსა, თუ აქტივისტებზე გაცემულ მილიონობით ლარზე
მალავს.
მაგალითისთვის, ხათუნა არველაძის განმარტებით, მიმდინარე წელს,
ქუთაისის ბიუჯეტში, სარეზერვო ფონდში, ხარჯვით ნაწილში მილიონ 200 000
ლარია გაწერილი, ამიტომ ის ქალაქის მერს, რომელიც "რუსული კანონის"
მხარდამჭერია, სთხოვს, გაასაჯაროვოს ვის, რატომ და რისთვის ხმარდება
ეს თანხები.
"9 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და
თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი გმირების სისხლი დაღვარეს, ამ
ფონზე ივანიშვილის რუსული პარტია ისევ მიგვათრევს რუსული
ჭაობისკენ და აკანონებს რუსულ კანონებს. სხვის გამჭვირვალობას
მისდევენ, მე კი ვურჩევ, რომ მოქმედი კანონმდებლობის ნორმები
შეასრულონ. მოვუწოდებ ქუთაისის მერს, გაასაჯაროვოს ქალაქის ბიუჯეტში
სარეზევრო ხარჯებში გაწერილი თანხების ხარჯვითი ნაწილი. იმ ფონზე,
როცა ქუთაისი იცლება ქუთაისელებისგან გაჭირვებისა და უმუშევრობის გამო
და იმატა ემიგრაციამ, უნდა იცოდეს მოსახლეობამ თავიანთი ჯიბეებიდან
ამოღებული ფული სად იხარჯება", - განმარტა ხათუნა
არველაძემ.
ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს
წევრი შიდა აუდიტის დასკვნების გასაჯაროვებასაც ითხოვს, სადაც,
მისი თქმით, ბევრი დარღვევა იქნება გამოვლენილი, რის გამოც დოკუმენტი
გადამალულია.
"მერმა აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოს შიდა აუდიტის დასკვნები და
მოქალაქეებს უთხრას, სად მიდის ეს თანხები, რომელიც მათი ჯიბეებიდან
არის ამოღებული. არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! კი ევროკავშირს! კი
ნატოს საქართველოში!", - განმარტა ხათუნა არველაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული"
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად,
გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის,
„ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა
დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი
მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.
ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას
არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი
წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიცირეს.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები