"იმედია,
იქ მაინც ვიპოვი სამართალს," - აცხადებს წულაია
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზციის ხელმძღვანელი
გოგი წულაია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიღებული
გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
როგორც წულაია ამბობს, მან სარჩელის ძირითად განხილვამდე, შპს
"პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო კიკვაძემ მისი მოთხოვნა არ
დააკმაყოფილა.
"მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, მან განაცხადა, რომ ვერ
დავუსაბუთე "პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტისთვისთვის საჭირო
ფაქტები, რაც აბსურდია, ამიტომ ამ გადაწყვეტილების ორშაბათს
სააპელაციოში გასაჩივრებას ვაპირებ. იმედია, იქ მაინც ვიპოვი
სამართალს," - აცხადებს წულაია.
რამდენიმე დღის წინ, გოგი
წულაიამ შპს "პარკინგსერვისი" უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა და
კომპანიის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი
შეიტანა.
როგორც წულაია ირწმუნება, შპს "პარკინგერვისი" ქუთაისში მოსაკრებელის
აღებასა და მოქალაქეების დაჯარიმებას უკანონოდ ახორციელებს.
მისი თქმით, ქუთაისის მერიასა და შპს "პარკინგსერვის" შორის
გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, პარკინგსერვის მერიის
მხრიდან იჯარით გადაცემული პარკირების ადგილები საჯარო რეესტრში უნდა
დაერეგისტრირებია, თუმცა აღნიშნული ადგილები, გარდა წერეთლის ქუჩისა
"პარკინგსერვის" ამ დრომდე არა აქვს დარეგისტრირებული.
"პარკინგსერვისის" ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ წულაიას მიერ
გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ქუთაისში პარკირება ფასიანი 25 იანვრიდან გახდა.
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს
განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე, აუქციონების ჩავარდის შემდეგ
პარკირებაზე პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს
"პარკინგსერვისს" გადასცა.
ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს
"პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი.
აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.
მასალის გამოყენების პირობები