ქუთაისში „იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების
სტრატეგიის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ა(ა)იპ
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ინიციატივით,
„იმერეთის ტურიზმის კლუბმა“ შეიმუშავა.
დოკუმენტი იმერეთის
12-ივე მუნიციპალიტეტში ინფრასტუქტურის მოწესრიგებასა
და ფესტივალების გამართვას
ეხება. სტრატეგიის შემდგენებმა მიუთითეს ის ადგილები, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით საკემპინგე და
საბანაკე ადგილების მოწყობაა შესაძლებელი.
ეს ადგილებია: ხახიაეთის ტბა და მდინარე ჩიხურას
ხეობა
საჩხერეში, მანდაეთის მღვიმე ჭიათურაში, მდინარე ჯიშურას ხეობა, დევის ხვრელი ხარაგაულში, მდინარე აჯამურას ხეობა ზესტაფონში,
ვარციხის წყალსაცავი ბაღდათში, სუჩხელას კანიონი ხონში და სხვა.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ინფრასტრუქტურის გამართვასთან ერთად,
საჭიროა უწყვეტ რეჟიმში
მოეწყოს ფესტივალები, რაც რეგიონს ტურისტებისთვის მეტად საინტერესოს გახდის.
''აქამდე არ გვქონია
ერთიანი სისტემა, რაც ჩვენს სერვისებს ერთმანეთთან დააკავშირებდა
და ეს პირველია. მნიშვნელოვანია ტურისტს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს
ხარისხიანი სერვისებით, გვქონდეს ბანაკები თავისი მოწესრიგებული სველი
წერტილებით, ჩავატაროთ ფესტივალები. ეს გააჩენს ქვეყანაში ახალ
სერვისებს, მაგალითად, როგორებიცაა: აგრარული ბაზარი, ცხენების
გაქირავების სერვისი და ა.შ,''-ამბობს იმერეთის დანიშნულების ადგილის
მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე.
პროექტი ხუთი წლის განმავლობაში
მუნიციპალიტეტების დაფინანსებით
უნდა განხორციელდეს.
''იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის
მდგრადი განვითარების გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან
სათავგადასავლო ტურიზმი, ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მიმართულებაა. გეგმაზომიერი ნაბიჯები უნდა გადავდგათ
იმისთვის, რათა ჩვენი რეგიონი ტურისტებისთვის მიმზიდველი
გავხადოთ. ამისთვის იმერეთს უზარმაზარი პოტენციალი
აქვს. ჩვენი ლანდშაფტი და გეოგრაფიული მდგომარეობა იძლევა საშუალებას
განვავითაროთ
კემპინგი. იმერეთის რეგიონს საზღვაო-სანაოსნოს გარდა
ყველა კომპონენტი აქვს, რაც სათავგადასავლო ტურიზმისთვისაა
საჭირო,'' - ამბობს იმერეთის ტურიზმის კლუბის ხელმძღვანელი ალექსანდრე
პაიკიძე.
შეხვედრას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა
დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები