შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, პოლიციის და სხვა
სამართალდამცავი უწყებების ბრძოლის შედეგად, 2022 წელთან შედარებით,
ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში
გამოსვლისას განაცხადა.
გომელაურის თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის
ფარგლებში, შსს-ს ხელმძღვანელობით, „ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა.
"ეს გეგმა აერთიანებს კომპლექსურ უწყებათაშორის აქტივობებს და
შემუშავებულია შემდეგი სამი ძირითადი მიზნის ფარგლებში: „კანონიერი
ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლის
სისტემური გაძლიერება; კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და
გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება; ნარკოტრანზიტის და
ნარკოვაჭრობის ბრძოლის მიმართულებით გამოძიების ხარისხის
გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაინერგა დანაშაულის
სტატისტიკის წარმოების განახლებული ფორმა, რომელიც სხვა საკითხებს
შორის, უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით
სტატისტიკის დეტალური ფორმით დამუშავებას. ევროკომისიამ გაცემული
რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი
გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას“, –
აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გომელაურმა ასევე განმარტა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის
გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება.
"2023 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია
გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64 პროცენტს აღემატება.
ასევე, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი
მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და
მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები“,-
განმარტა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ.
მასალის გამოყენების პირობები