მე-7 დღეა, რაც ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ, კოროხნალის
მაღაროსთან, საპროტესტო კარავი გაშალა და აქციებს მართავს.
ადგილობრივების თქმით, სოფელში, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ
მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად, დაენგრათ და დაებზარათ
საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები. ამიტომ, ათეულობით
ოჯახი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას
სთხოვს.
„ბავშვობაში, სადაც გვიყვარდა სიარული, თამაში, ყველგან კარიერი
შემოიყვანეს, მაღაროები, გვირაბები გაჭრეს. დასკდა მიწები, ჩავარდა
სასაფლაოები, დაგვენგრა სახლები, ამიტომ, პროტესტის ნიშნად, გამოვედით
გარეთ. არ გვინდა ეს სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში. თუ
გვანადგურებ და შემოდიხარ, კეთილი ინებე და წესიერად მოგვიდექი ხალხს,
ჩვენ არ ვართ ასე აბუჩად ასაგდები. უბრძოლველად არაფერს დავთმობთ",-
ამბობს ადგილობრივი ჯუმბერ ცუცქირიძე.
დაბზარული სახლი შუქრუთში
აქციის მონაწილეებს კომპანიის დაპირებების არ სჯერათ, ამიტომ პროცესში
გარანტორად სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ "ჯორჯიან
მანგანეზს" საქართველოს კონსტიტუცია თავის თავზე აქვს მორგებული, მათი
უფლებები კი ირღვევა.
"ყოველ დღე ბზარები იმატებს, ხმარები ჩნდება, ყველა ვაცნობიერებთ, რომ
დღეს თუ ხვალ ეს სოფელი გაქრება. არ გვინდა შიშის ქვეშ ვიძინებდეთ და
ვიღვიძებდეთ. გვინდა, უსაფრთხო ადგილას გავაგრძელოთ ცხოვრება.
ამისთვის, შესაბამისად უნდა მოგვიდგეს კომპანია და სახელმწიფო. მოხდეს
ჩვენს ხელთ არსებული ქონების სრული შეფასება, აისახოს ეს ოფიციალურ
დოკუმენტში და გარანტორი იყო სახელმწიფო, რადგან კომპანიასთან არაერთი
ხელშეკრულების გაფორმება მოხდა, თუმცა მისთვის კანონი არ არსებობს,
როგორც უნდა ისე მოქმედებს",- განმარტავს ადგილობრივი გიორგი
ნეფარიძე.
დამსკდარი სახნავ-სათესი მიწები შუქრუთში
აქციის მონაწილეებს არ სურთ კომპანიისგან მიყენებული ზარალი მეწყერულ
პროცესებს დაბრალდეს, ამიტომ ამბობენ, რომ ბრძოლას თავიანთი უფლებების
დასაცავად და უსაფრთხო ცხოვრებისთვის მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი
მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„მიმდინარეობს მუდმივი აფეთქებები ჩვენი სახლების ქვეშ. რამდენიმე
სახლი უკვე აღარ არსებობს. არის არაპროგნოზირებადი სიტუაცია, არავინ
იცის რა დროს რა დაემართება სოფელს. არ გვინდა მეწყრულ პროცესებს
მიეწეროს ეს ყველაფერი, ამიტომ ამოვიღეთ ხმა. რატომ უნდა გვჭირდებოდეს
ბრძოლა უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის ჩვენს მშობლიურ საქართველოში?
- გამცენ ამაზე პასუხი",- განმარტავს შუქრუთში მცხოვრები მაკა
ნერაფიძე.
დაბზარული და ჩამონგრეული სახლი შუქრუთში
„ჯორჯიან მანგანეზში“ კი განმარტავენ, რომ ადამიანებს, რომელიც
კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და
თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით,
სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. მათივე ინფორმაციით, 2020
წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში, ჯამში, დაახლოებით 11 მილიონი
ლარი გაიცა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ფოტოები: მარიამ ნიკურაძე
ამავე თემაზე:
პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ
შუქრუთში
"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“
გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში
მასალის გამოყენების პირობები