მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის
გამოცხადებული
ტენდერი შეწყვიტა, სახელმწიფო შესყიდვას მეორედ
აცხადებს.
ამჯერად პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონზე მეტი ლარით (619 163)
არის გაზრდილი და 2 მილიონ 490 000 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა
გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე გათვალისწინებულია კოსტავას
ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა
ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი. სამუშაოები ხელშეკრულების
დადებიდან 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.
კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის 1 870 837
ლარის ღირებულების ტენდერი [NAT230027620] ქუთაისის მერიას გასული
წლის ბოლოსაც ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა წინადადების მიღებიდან ოთხ
დღეში, საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართვის საფუძველზე,
თავადვე ჩაშალა.
შესყიდვის შეწყვეტის ოქმში ეწერა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული
კანალიზაციის ქსელი აღარ ექვემდებარებოდა მიმდინარე შეკეთებას.
შესაბამისად, მოცემული ქსელის კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე საგზაო
ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტირებული საავტომობილო გზის საფარის
დეფორმაციის რისკებს შეიცავდა.
როგორ ჩანს, ადგილობრივმა თვითმმარველობამ 2 მილიონამდე ლარის
ღირებულების სამუშაოები ისე დაგეგმა, რომ ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც
იგეგმებოდა, სრულყოფილად შესწავლილი არ ჰქონდა. შესაბამისად, არც იყო
გამოკვეთილი მიზნობრივი საჭიროებები.
აღსანიშნავია, რომ კოსტავას ქუჩა წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს,
მაგრამ ქუჩის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერიამ სახელმწიფო შესყიდვა
მხოლოდ გასული წლის ბოლოს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე
გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქციის ტენდერი
შეწყვიტა
მასალის გამოყენების პირობები