ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე
კმ-ზე, სადაც ორი კვირის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება
თავისუფალია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ინფორმაციით, გეოლოგთა
ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, მეწყრულ მონაკვეთზე,
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი
საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ტერასები მოეწყო (ჯამურად 10 ტერასა
ქვის ჩანართებით), რაც ფერდის სიმყარეს უზრუნველყოფს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.
„აღნიშნულ მონაკვეთზე თებერვლის თვეში ჩამოვიდა დიდი რაოდენობით
ზვავი, რომელმაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა. სამუშაოები მიმდინარეობდა
უწყვეტ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში და ახორციელებდა, გეოლოგების
მითითებით და დასკვნით, საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია.
დღეის მდგომარეობით გზა გამავალია და ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტს
შეუძლია გადაადგილება“,- განაცხადა მხარის რწმუნებულმა პაპუნა
მარგველიძემ.
მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად,
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე
კმ-ზე, ქვა-ღორღიანი მასა თებერვალში ჩამოიშალა, რამაც აღნიშნული გზის
ჩაკეტვა გამოიწვია.
დაზიანდა ელექტროგადამცემი სადენები და მთავარი ძაბვის საყრდენი
ბოძები, რის გამოც ტვიშის თემს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ამასთან, მოსახლეობა ალტერნატიული/შემოვლითი გზით სარგებლობდა.
მასალის გამოყენების პირობები