საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება
წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების
მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის
ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“
განათავსეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მათ ტელეფონის ფოტოკამერით,
ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას
ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების
შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ.
”გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის
შემდგომ, ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც
ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი
სამედიცინო ექსპერტიზა“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“
ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება
ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება
სსსკ-ის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც
სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს
აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე
გამოძიება გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები