ავიაკომპანია "ვიზეარის" მემინგენი-ქუთაისის რეისი, მგზავრებს შორის
მომხდარი დაპირისპირების გამო, რუმინეთში ავარიულად დაეშვა.
როგორც მგზავრები იხსენებენ, კონფლიქტი ქართველ და რუს მგზავრს შორის
მას შემდეგ დაიწყო, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოკუპანტი ქვეყნის
წარმომადგენელი ახალგაზრდა გოგოს ავიწროებდა.
ფიზიკური დაპირისპირების გამო, თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა
რუმინეთში, რის შემდეგად ინციდენტში მონაწილე პირები ბორტიდან
პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.
"რუსმა ნასვამმა მგზავრმა ატეხა დებოში, არ დაემორჩილა წესებს,
ითხოვდა საპირფარეშოში გასვლას, მაშინ როცა დაკეტილი იყო. ამის შემდეგ
ახალგაზრდა გოგოს ავიწროებდა, იქვე მჯდომს. რამდენიმეჯერ მოუწოდეს
დამორჩილებოდა წესებს, შეშვებოდა გოგოს, როცა არ დაემორჩილა, ტელეფონი
ესროლა ერთ-ერთმა მგზავრმა, მოხვდა თავში და გაუტეხა თავი, როგორც
ვიცი. წამოუვიდა დიდი რაოდენობით სისხლი, თავიდან დაბალი წნევის გამო
სისხლის გაჩერება ვერ მოახერხეს და იძულებული გახდა პილოტი,
დაშვებულიყო აეროპორტში ავარიულად. დახვდათ ადგილზე სასწრაფო.
სამწუხაროდ, პოლიციელებმა წაიყვანეს ქართველი მგზავრიც და სავარაუდოდ,
მოუწევს პასუხისგება ერთსაც და მეორესაც", - იხსენებს ერთ-ერთი
მგზავრი.
მემინგენი-ქუთაისის რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ღამის
01:30-ზე დაეშვა.
მომხდარზე გამოძიებას, სავარაუდოდ, რუმინეთის პოლიცია დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები