სამტრედიაში, მეოთხე საჯარო სკოლის მშობლები განათლების მინისტრთან
შეხვედრას ითხოვენ.
მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სკოლის შენობის
მშენებლობის დაწყება მოითხოვეს.
ისინი ამბობენ, რომ მეოთხე საჯარო სკოლის ავარიული შენობა 2022
წელს იმ პირობებით დაანგრიეს, რომ ორ წელიწადში ახალ, თანამედროვე
სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებას ააშენებდნენ, თუმცა
მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
325 მოსწავლეს უკვე მეოთხე წელია, სხვა სკოლის შენობაში, მეორე
სმენაში უწევს სწავლა.
„სკოლა გვინდა - ესააა ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა. მეოთხე წელია,
გვპირდებიან, რომ აქ სკოლა უნდა აშენდეს, მაგრამ ხედავთ რაც არის
აშენებული. ამიტომ, ვითხოვთ, შეგვხვდეს განათლების მინისტრი, რომ
გაგვაგებინოს ბოლოს და ბოლოს სკოლა როდის უნდა გვეღირსოს და როდის
უნდა იყვნენ ეს ბავშვები თავიანთ კუთხეში?",- განმარტავს ერთ-ერთი
მშობელი.
ადგილი, სადაც მეოთხე საჯარო სკოლის შენობა იყო
განთავსებული
"ჯერ რემონტი გაკეთდა, შემდეგ არ ვარგაო და სულ დაშალეს, ავაშენებთო.
ოთხი წელია ველოდებით ბავშვებიც და მშობლებიც და არ ეღირსა აშენება.
მიზეზს არავინ არ ამბობს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე გვითხრან“,- ამბობს
კიდევ ერთი მშობელი.
აქციაზე სამტრედიის მერი დავით ბახტაძეც მივიდა, რომელმაც განმარტა,
რომ სკოლის მშენებლობა ამ პერიმეტრზე განთავსებული ჯიხურის გამო ვერ
ხორციელდება.
მისივე თქმით, ჯიხურის მეპატრონესა და საჯარო რეესტრს, ასევე ქონების
ეროვნულ სააგენტოს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, რის
შემდეგად სკოლის მშენებლობა გაგრძელდება.
"არსებობს, ასე ვთქვათ, ტექნიკური შეფერხება, რაც გამოწვეულია სკოლაში
შეჭრილი მეწაღის ჯიხურის გამო. ვერ განხორციელდა სკოლის მშენებლობა
ზუსტად ამ ჯიხურის გამო, ვინაიდან საძირკვლის მოწყობის სამუშაოები
გადის ზუსტად იმ პერიმეტრზე (დაგეგმილი პროექტის მიხედვით), სადაც
არის განთავსებული უკანონოდ აშენებული ჯიხური. უახლოეს მომავალში
ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და აქტიურად განახლდება
სამუშაოები სკოლის ასაშენებლად",- განმარტა დავით ბახტაძემ.
სკოლის მშენებლობის შესახებ საინფორმაციო ბანერი მშენებლობის
ადგილზე წლებია განთავსებულია
ანალოგიურს განმარტავენ, მუნიციპალური განვითარების ფონდშიც, რომელიც
სკოლის მშენებლობას აფინანსებს.
ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით, სამტრედიაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე,
450 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა უნდა აშენდეს.
მასალის გამოყენების პირობები