სოფელ ნერგეეთში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომლებიც, ამჟამად,
უსაფრთხოების მიზნით, თავიანთი სახლებიდან შორს, ქირით იმყოფებიან,
სოლიდარობის კამპანია მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები, სტიქიის შედეგად
დაზარალებულები მოქალაქეებისთვის, თანხას აგროვებენ და სხვებსაც
მოუწოდებენ, ჩაერთონ სოლიდარობის აქციაში.
"ნერგეეთის 7 თებერვლის ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე ოჯახი დარჩა
სახლის გარეშე. მათი უმრავლესობა, ამჟამად, მუნიციპალიტეტის მიერ
უზრუნველყოფილი ქირით ცხოვრობს, თუმცა, მარტივი წარმოსადგენია, ამხელა
ტრაგედიის გადატანის და მშობლიური სახლიდან ხელცარიელი გამოსვლის
შემდეგ, ამ ოჯახებს რამდენად სჭირდებათ გვერდში დგომა. ამიტომაც,
ბაღდათში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან
შეთანხმებით, სოლიდარობის კამპანიის წამოწყება გადავწყვიტეთ“,-
აცხადებენ ორგანიზაცია „ახალგაზრდულ ჰორიზონტში".
თუკი სურვილი გაქვთ, გვერდით დაუდგეთ ამ ოჯახებს, შეგიძლიათ, თუნდაც 1
ლარი ჩარიცხოთ აღნიშნულ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: #GE24BG0000000131173963; მიმღები: ააიპ
ახალგაზრდული ჰორიზონტი
თი ბი სი ბანკი: #GE45TB7776845064300063; მიმღები: ლილი ფულარიანი,
დანიშნულებაში მიუთითეთ ნერგეეთისთვის.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთიდან, სადაც მეწყერს 9
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 ოჯახის ევაკუაცია
განხორციელდა. 20-მდე მოქალაქე ახლობლებთან გაიყვანეს, მათი
ნაწილი კი სახელმწიფომ დააბინავა.
გარემოს ეროვნული
სააგენტოს კვლევაში აღნიშნულია, რომ მეწყრული
სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე,
შესაბამისად, როდის დაუბრუნდებიან ეს ოჯახები თავიანთ საცხოვრებლებს,
უცნობია.
მეწყრული სხეული ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე
განვითარდა. მისი გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა
შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობამ საშუალოდ 150
000-160 000 მ3. მეწყერმა 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში
10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა
შეძლეს. 2 ადამიანი დაღუპა ასევე ხულოსა და ქედაშიც, ზვავისა და
მეწყრის შედეგად.
6-7 თებერვალს მოსულმა სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ბაღდათის,
ხაშურის, გორის, ლანჩხუთის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურის, ხულოსა და
ქედის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. გეოლოგები აღნიშნული ტერიტორიების
შესწავლას დღემდე აგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები