ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში, სადაც გზა ჩაინგრა,
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივების განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონი რამდენიმე
წლის წინ დააგეს, თუმცა უხარისხოდ და სანიაღვრეების გარეშე, ამიტომ
გზა მალევე დაზიანდა და გადაადგილება საფრთხის შემცველი გახდა.
„წვიმები რომ იყო ჩაწყდა, მიწაა დაძრული ქვევიდან. აქ მძიმე მანქანა
ვეღარ დადის. ბეტონს არმატურა თუ არ ექნა, გატყდება აბა რას იზამს“,-
ამბობს სოფლის მკვიდრი გიორგი გაბეხაძე.
ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი
ამბობენ, რომ გზა მთელს სოფელშია დაბზარული და ადგილ-ადგილ
ჩავარდნილია.
„სოფელს არ ჰყავს პატრონი, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ასეთი
მონაკვეთები ბევრია. არ აქვს სანიაღვრეები, არ აქვს დამცავი
საშუალებები და ამიტომ ვართ ამ დღეში“,- განმარტავს ერთ-ერთი
ადგილობრივი.
ოპოზიცია უხარისხოდ შესრულებული პროექტის უკან კორუფციულ ნიშნებს
ხედავს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კონკრეტული ჩინოვნიკები
ამით ფინანსურ სარგებელს იღებენ.
„თითქმის მთელი რაიონი შემოსაზღვრულია წითელი ლენტებით.
ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რაც გაკეთდა, თითქმის ყველაა გამოსული
მწყობრიდან. ამას ხელისუფლება ეძახის ხარვეზს, მაგრამ მინდა გითხრათ,
რომ რაც ვნახეთ ჩვენ აქ და სხვა სოფლებშიც, ყველგან მოსაწესრიგებელია
თითქმის 2-3 წლის წინ დაგებული გზები“,- ამბობს "ენმ"-ს წევრი ქეთევან
ზუმბაძე.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კი სამუშაოების ხარისხის პრობლემას უარყოფენ
და ამბობენ, რომ გზა მეწყერული პროცესების გამო დაზიანდა.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სხვადასხვა სოფელში, მათ
შორის წყალაფორეთში, განვითარდა მეწყრული პროცესები, რის გამოც
დაზიანდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაოც. ანუ, გზა
სტიქიური მოვლენისაგან არის დაზიანებული. ამრიგად, საუბარი იმაზე, რომ
თითქოს აქ გვაქვს ხარისხის პრობლემა, არის უსაფუძვლო,
არაარგუმენტირებული და სიცრუე",- განმარტავს მერის პირველი მოადგილე
ვარლამ ჭიპაშვილი.
მისივე თქმით, წყალაფორეთში გზა გაუვალი არ არის, თუმცა
გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვები მართლაც არსებობს და მალე
მოიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები