სოციალური სამართლიანობის ცენტრი, განათლებისა და კულტურის
პროფკავშირი და საქართველოს მეცნიერები გელათის დაზიანების ფაქტზე,
შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე
გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
კერძოდ, მათი განცხადებით, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და
მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის
სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების
ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური
პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, გამოკვლევის შედეგად
გამოიკვეთა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის
კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი გამოიწვია.
„მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა, 2021 წლის ოქტომბერში, ჯერ კიდევ
გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელა არა მხოლოდ საკონსერვაციო,
არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის
მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა
სპეციალისტების დასკვნებით.
მინისტრი არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნით ინფორმირებული იყო
იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რაც შერჩეული მეთოდოლოგიით
ძეგლზე განხორციელებულ ჩარევებს მოჰყვებოდა, თუმცა პროცესი 2022 წლის
შემოდგომამდე მაინც გრძელდებოდა. შედეგად, ტაძრის მოხატულობების
ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა შესაბამისად,
ალტერნატიული საექსპერტო დასკვნები მიუთითებდა ძეგლის დაზიანების
შესაძლებლობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული პასუხისმგებელი პირის
მიერ, რისი გათვალისწინებაც მინისტრს ევალებოდა და შეეძლო კიდეც“,-
აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, ძეგლზე
ჩარევების განხორციელებამდე არ არსებობდა გელათის კომპლექსის მართვის
სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმი.
გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე
იყო.
"შესაბამისად, უფლებამოსილების ამგვარი კონცენტრაციით სამინისტრომ
არათუ ვერ უზრუნველყო ძეგლის ეფექტური მოვლა, არამედ ძეგლზე
დამატებითი ზიანი გამოიწვია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
მოვუწოდებთ პროკურატურას: დაიწყოს გამოძიება შესაძლო სამოხელეო
დანაშაულზე და აწარმოოს იგი ყოველმხრივ და ობიექტურად; ამასთან,
გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს
საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების
ინტერესებს",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა,
თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და
ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და
უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,
პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა,
პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.
გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ
კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები