კინოთეატრ „სულიკოს“ ადგილზე, შესაძლოა, 12 სართულიანი საცხოვრებელი
კორპუსი აშენდეს.
პროექტი ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურში უკვე შეტანილია. სწორედ
მათი ნებართვის შემდეგ დაიწყება მშენებლობა, მანამდე კი შენობის
სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
ყოფილი კინოთეატრის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ობიექტის სამშენებლო
სამუშაოებს კომპანია „ლურჯი ჰაუსი“ განახორციელებს.
აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ობიექტის ახალი მეპატრონის
წარმომადგენელმა მიხეილ ჩუბინიძემ განუმარტა, რომელიც ასევე,
აღნიშნული კომპანიის დირექტორია.
„სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი სახლი იქნება ერთად, ოფისებიც,
მრავალფუნქციური იქნება. 12 სართულიანს ვფიქრობთ. ჯერჯერობით ნებართვა
არ გვაქვს, ახლა შევიტანეთ პროექტი მერიაში“,- განმარტავს შპს „ლურჯი
ჰაუსის“ დირექტორი მიხეილ ჩუბინიძე.
კინოთეატრის ყოფილი შენობა, სადაც წლების განმავლობაში
,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ ფუნქციონირებდა, კერძო პირმა ვიტალი
ონიანმა იყიდა. თუ რა ფასად შეიძინა, ამას ახალი მფლობელი არ
აკონკრეტებს.
ირაკლი აბაშიძის გამზირი 14ა-ში მდებარე "სულიკოს" შენობა 80-იან
წლებში აშენდა. ობიექტი თავიდნვე კინოთეატრისთვის იყო
გათვალისწინებული.
ადგილზე "სულიკო" 1982 წელს გაიხსნა, რომელმაც მხოლოდ 5 წელი იარსება.
2004 წლიდან შენობა კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც იქ
სხვადასხვა გასართობი ცენტრი გაიხსნა. 2013 წლიდან კი ადგილზე
"ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ იყო განთავსებული.
ამავე თემაზე:
ყოფილ კინოთეატრ ,,სულიკოს’’ შენობას
დაანგრევენ
ყოფილი კინოთეატრის ,,სულიკოს’’ შენობა გაიყიდა
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება
ქუთაისში გასართობ ცენტრ "სულიკოს" ყოფილ შენობას?
მასალის გამოყენების პირობები