ქუთაისში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე
საქართველოსსა და უკრაინის დროშებით შეიკრიბნენ და უკრაინის მიმართ
რუსეთის აგრესია დაგმეს.
დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი
მოქმედებების დაწყებიდან 2 წელი შესრულდა.
"ორი წელიწადი გავიდა, რაც რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი
დამარცხდა. უკრაინამ გმირულად გასცა პასუხი და დღემდე
წინააღმდეგობაშია. რაკი ეს პროცესი დღემდე გრძელდება, ვფიქრობ, რომ
ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა არ უნდა გაჩერდეს მანამ, სანამ ეს
ბრძოლა არ დასრულდება რუსეთის დამარცხებით, უკრაინელი და ქართველი
ერის გამარჯვებით",- განმარტა აქციის ორგანიზატორმა აკაკი
საღინაძემ.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად უკრაინის
"დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. უკრაინაში რუსული
არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი
სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო
რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.
მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. 2022
წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის
ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად
ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები