"თავისუფლების ფერები" - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, 24 თებერვალს,
აქცია დაიგეგმა.
სხვადასხვა პროფერიის ადამიანები, ცენტრალურ მოედანზე, 18 საათზე
შეიკრიბებიან და ამ აქციით უკრაინელ ხალხს სოლიდარობას
გამოუცხადებენ.
24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი
მოქმედებების დაწყებიდან 2 წელი შესრულდება.
"ვიკრიბებით 24 თებერვალს, 18:00 საათზე, რათა ჩვენი სოლიდარობა
გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის წინაში იმ გმირულ ომში, რომელშიც ზუსტად
2 წელიწადია რუსეთის წინააღმდეგ არიან ჩართული. დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!",- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად უკრაინის
"დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. უკრაინაში რუსული
არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი
სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო
რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.
მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. 2022
წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის
ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად
ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
რუსეთი და უკრაინა თავის სამხედრო დანაკარგებს ოფიციალურად არ
ასაჯაროებენ.
უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, ომის
დაწყების შემდეგ, 2024 წლის 21 თებერვლამდე მოწინააღმდეგის პირადი
შემადგენლობის დანაკარგი 406 080-ს შეადგენს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 20 თებერვალს განაცხადა,
რომ მხოლოდ 2023 წლის კონტრშეტევებისას დაიღუპა და დაიჭრა 166 000
უკრაინელი სამხედრო.
მასალის გამოყენების პირობები