დაახლოებით სამი კვირაა, რაც თეთრ ხიდზე დაზიანებული მინის საფარი
გამოცვალეს, თუმცა, მინის ზედაპირი ამჯერად სხვა ადგილზე
გაიბზარა.
პანორამული მინა ხიდის შუა ნაწილშია დაზიანებული, ამიტომ აღნიშნული
მონაკვეთი რკინის ბარიკადებითაა შემოსაზღვრული.
ბოლო ორ თვეში ეს ხიდის ზედაპირის დაზიანების მეორე შემთხვევაა.
ნახევრად ავარდნილია ლითონის ფილებიც.
გახსნის დღიდან ხიდზე ხან შუშა დაიბზარა, ხანაც რკინის საფარი
გაფუჭდა. მასზე გადადგილება კი განსაკუთრებით საფრთხის შემცველი
ზამთრის პერიოდშია. თოვლის ყოველი მოსვლისას მინის ზედაპირი იყინება
და მასზე არაერთი მოქალაქე ეცემა.
მიუხედავად ხიდზე არსებული პრობლემებისა, საკითხის სიმწვავეს მერიაში
ვერ აღიქვამენ. სამი კვირის წინ, ქალაქის მერმა იოსებ
ხახალეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე პრაღის ხიდთან გაავლო პარალელი,
რითაც განმარტა, რომ მხოლოდ ქუთაისის ხიდი არ იყინება. მინის ხშირი
დაზიანება კი იმ პირებს დაუკავშირა, რომლებიც, მისივე თქმით, წვეტიანი
ჯოხით ტეხავენ შუშას.
„ევროპაში არ ყოფილხართ კაცო? როგორ არ ყოფილხართ? მე ვიცი, რომ
ყოფილხართ და რკინის ხიდი არ გინახავთ? პრაღაში ხიდი არ იყინება?
მარტო ქუთაისში იყინება ხიდი? ვიღაცა რომ მივა და ჯოხით ძალით
გატეხავს იმ შუშას, ის ხიდის ბუნებრივი უსაფრთხოების დარღვევაა? არის
ვიდეოკადრები და ვთხოვთ ჩვენ სპეციალურ სამსახურებს, თუ ვინც არის,
რომ მოგვაწოდონ, წვეტიანი ჯოხით როგორ ტეხავენ იმ შუშას, როგორ
გადაიარეს მოპედით და რა ვქნათ?“, - განმარტა
ხახალეიშვილმა.
ამ განცხადებით, ქალაქის მერი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის,
რადგან იგი ორი წლის წინ ხიდის
განმეორებით რეაბილიტაციაზე საუბრობდა და
აღნიშნავდა, რომ თეთრი ხიდი საზოგადოებაში ქილიკის მიზეზი აღარ უნდა
ყოფილიყო.
დღეს კი ქუთაისის
მერიაში გვეუბნებიან, რომ მიმდინარე წელს ისტორიული
ობიექტის რეკონსტრუქციას არ აპირებენ, რადგან "ხიდი ახალი
რეაბილიტირებულია".
ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები
ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, მისაღები ხიდის
არც ვიზუალი აღმოჩნდა და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი.
ამავე თემაზე:
"წელს არ იგეგმება, ახალი რეაბილიტირებულია"- ქუთაისის მერია
თეთრ ხიდზე
"დადგა დრო, მოხდეს თეთრი ხიდის ხელახალი რეაბილიტაცია"
თეთრ ხიდზე მინა ისევ გაიბზარა
თეთრ ხიდს, შესაძლოა, რეაბილიტაცია ისევ
ჩაუტარდეს
"სპეციალურად დავტოვეთ" - თეთრი ხიდი ისევ
გაუწმენდავია
დიდითოვლობით გამოწვეული საფრთხის გამო თეთრი ხიდის
ნაწილი გადაკეტილია
თეთრ ხიდზე დაზიანებული შუშა შეცვალეს
თეთრი ხიდი საზეიმო გახსნიდან ერთი წლის შემდეგ
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები