ავიაკომპანია „Wizz Air”-ის ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი
მოწყობილობის არსებობის შესახებ მიღებულ ცრუ შეტყობინებაზე გამოძიება
დაიწყო.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, განზრახ ცრუ
ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჰაერში მყოფ საჰაერო
ხომალდსა და სამოქალაქო ავიაციის სხვა სუბიექტებს, მართლსაწინააღმდეგო
ქმედებად კვალიფიცირდება და საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა
დანაყოფებმა, შსს-სთან ერთად, თვითმფრინავის ბორტზე, პროტოკოლით
გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება
განახორციელეს, თუმცა აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან
ნივთიერება არ აღმოჩენილა.
ავიაკომპანია „Wizz Air”-ის 14 თებერვლის ქუთაისი-ბარსელონას რეისი
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში
დაბრუნდა. მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო
არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა.
რეისზე 148 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის
დატოვების შემდეგ, ისინი აეროპორტის სტერილურ ზონაში გადაიყვანეს და
სათანადო მომსახურება გაუწიეს.
ქუთაისი-ბარსელონას რეისი, რომელიც ავიაკომპანია Wizz air-ში შესული
შეტყობინების საფუძველზე აეროპორტში დაბრუნდა, 19:00 საათზე
შესრულდა.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს
შეფერხების გარეშე ემსახურება.
ამავე თემაზე:
"ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა, ამ დროის
მონაცემებით, არ დასტურდება"- აეროპორტების გაერთიანება
ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გამნაღმველები
მუშაობენ - ფრენები გადადებულია
ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან დაეშვა - ასაფეთქებელი
ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე შეტყობინება შევიდა
მასალის გამოყენების პირობები