რიონის ხეობაში, 6-7 თებერვალს მოსული სტიქიის შედეგად, ჩამოსული
მიწის მასისგან ტეროტორიას ამ დრომდე ასუფთავებენ.
ალპანა-ტვიშის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო კი ცაგერისა და
წყალტუბოს მუნიციპალიტეტების 15-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა
დარჩენილი.
ტვიში, ლახეფა, ორხვი, ქორენიში, მექვენა, ზედა მექვენა, ონჭეიში,
მოლეკურა, დერჩი, საჩხეური, ჭაშლეთი, ბენთქოულა და სოფელი ვანი - ეს
იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება ერთი
კვირაა ვერ ხერხდება.
„ტვიშსა და ალპანას შორის ჩამოვიდა მეწყერი 5 დღის წინ. აქედან
მოეწოდებოდა ელექტროენერგია 15 სოფელს, ამიტომ, ამ დრომდე დენის
გარეშე ვართ. ადგილზე მუშაობენ, მაგრამ როგორც გვითხრეს, მცოცავი
ქანებია, მოდის მიწა და ვერ აჩერებენ. როგორც ჩანს, აღდგენილი ჰქონდათ
ელექტროგადამცემი ბოძები, მაგრამ გუშინ თქვეს, რომ ისევ ჩამოვიდა მიწა
და დაზიანდა. არც გზაა გახსნილი“,- განმარტავს მოძრაობა „რიონის
ხეობის გადარჩენისთვის“ წევრი მაკა სულაძე.
მისივე თქმით, რიონის ხეობაში სწორედ იმიტომ მიმდინარეობდა საპროტესტო
აქციები, რომ აქ მეწყრული კერაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება
გააქტიურდეს.
როგორც „ქუთაისიპოსტს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუმარტეს, 9
თებერვალს, მთიდან წამოსულმა მიწის მასამ 10 კვ გადამცემი ხაზი
„ტვიში“ დააზიანა. წაღებულია საყრდენები და სადენები.
მათივე თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის
წარმომადგენლები ახლაც ადგილზე არიან და ალტერნატიულ გზებს გეგმავენ,
რათა მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ.
„უნდა შეირჩეს უსაფრთხო ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ტექნიკით
მუშაობა და ახალი ხაზის აშენება. მიწის მასის მოძრაობა ამჟამადაც არ
შეჩერებულა, რაც აფერხებს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების
დაწყებას: არ არსებობს არც დაზიანების ადგილზე მისასვლელი გზა და არც
ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება წაღებულის ნაცვლად ახალი ბოძების
დამონტაჟება, რადგან მეწყრული პროცესები არ შეჩერებულა“,- გვითხრეს
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
რიონის ხეობაში მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენებას 550 დღე
აპროტესტებდა. ამ დროის მანძილზე, ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე
კარვები იყო გაშლილი. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"
წევრები აცხადებდნენ, რომ ნამახვანჰესი, რომლის მშენებლობას მთავრობა
გეგმავდა, მნიშვნელოვნად დააზიანებდა გარემოსა და შეცვლიდა კლიმატს,
გარდა ამისა, ჰესის მშენებელ კომპანიასა და ხელისუფლებას შორის
გაფორმებულ ხელშეკრულებაში დათმობილი იყო სახელმწიფოს ინტერესი.
პროტესტის შედეგად გასაჯაროებული დოკუმენტებით, ცნობილი გახდა, რომ
იუსტიციის სამინისტროს ნამახვანჰესზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდა
გაცემული, ფინანსთა სამინისტროს კი ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ
მოუმზადებია.
ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ "ენკამ" სახელმწიფოსთან
გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები