მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით −
ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა, შესაძლოა, კანონით
დარეგულირდეს.
შესაბამისი
კანონპროექტი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტში უკვე
დარეგისტრირდა.
კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა, ინიციატორი კი
საქართველოს მთავრობაა.
მათი განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად მუნიციპალიტეტის
შიგნით (გარდა დედაქალაქისა) ტაქსების საქმიანობა ნებართვას
დაექვემდებარება, რაც მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას
უზრუნველყოფს.
"M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება როგორც
არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე
მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო
საშუალება, ხოლო მინივენი - M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო
საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილების რაოდენობა (მძღოლის ადგილის
გარდა) აღემატება 5 ადგილს. კანონპროექტის მიღების მიზეზია
ტაქსის მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, რაც მნიშვნელოვანი
ფაქტორია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმილი
რეფორმის მიმართულებით",- აღნიშნულია კანონპროექტის
აღწერაში.
როგორც კანონპროექტშია მითითებული, აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა
არანაკლებ 1 წლის ვადით გაიცემა, ნებართვის მოქმედების ვადებს კი
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.
კერძოდ, აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემის უფლება მერს ან
მერიის სტრუქტურულ ერთეულს ექნება. ნებართვის გაცემა „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება. ნებართვის
გარეშე საქმიანობაზე კონტროლს კი შსს განახორციელებს.
სანებართვო პირობების დარღვევა 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას
გამოიწვევს, მგზავრების გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე
განხორციელება კი - 200 ლარით.
რაც შეეხება ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს, სანებართვო პირობების
დარღვევისთვის ჯარიმის თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხებბა,
ხოლო ნებართვის გარეშე საქმიანობის გამო დაწესებული ჯარიმები -
სახელმწიფოს ბიუჯეტში.
როგორც კანონპროექტშია მითითებული, მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1
ივნისამდე ეძლევათ ვადა, ტაქსით გადაყვანის ნებართვის მფლობელთა
შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა უზრუნველყონ,
რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს საქართველოს
მთავრობა 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრავს.
მასალის გამოყენების პირობები