ახალი ამბები
"სავანეს'' მეპატრონეებმა დატოვეს სასამართლო პროცესი, სადაც დანგრეული შენობის დემონტაჟზე მსჯელობენ
FaceBook
ქუთაისში, კაფე  "სავანეს’’ მეპატრონეები არ ესწრებიან იმ სასამართლო პროცესს, სადაც უკვე დანგრეული შენობის დემონტაჟს "განიხილავენ".
დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ,,სავანეს'' დემონტაჟის საკითხზე "მსჯელობს", მაშინ როცა,  ობიექტი მერიამ ერთი თვის წინ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, საფუძველზე დაანგრია.
,,სავანეს'' დანგრევის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ მიიღო და 
დაუყოვნებლივი აღსრულების ნებართვა გასცა. 

ძმები ტურაბელიძეები ამბობენ, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ამიტომ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

გიორგი ტურაბელიძის თქმით, მუშაობას ადვოკატები გააგრძელებენ, რათა შემდგომში სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

,,საქართველოს სასამართლო აბსოლუტურად გასულია საკონსტიტუციო ნორმებიდან და ის რაც დღეს "სავანესთან" დაკავშირებით ხდება, არის ინდიკატორი იმ პროცესებისა, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. სასამართლო მთვრალი მურუსიძის ბანი გახდა. ქართული მართლმსაჯულება გასულია კონსტიტუციური ნორმებიდან, რომელიც პირდაპირ ეთერში გვაჩვენეს. ასეთ სასამართლოში ჩვენ მონაწილეობის მიღება არათუ უადგილო იქნება, არამედ დანაშაულებრივიც. შევდივართ რათა პროტესტი დავაფიქსიროთ და გამოვალთ. სამართლებრივ ბრძოლას აზრი არ აქვს, დაწყებული გვაქვს პოლიტიკური ბრძოლა,’’ - აცხადებს  გიორგი ტურაბელიძე.

კაფის დანგრევის გადაწყვეტილება მერიის მიმართვის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო. მოსამართლე დარინა აბულაძემ დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება გამოიტანა. 

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, სადაც კაფე მდებარეობდა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი კაფის მფლობელები მგფ-ს, რომელმაც ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადა, კორუფციაში ადანაშაულებენ. ძმები ტურაბელიძეები თვლიან, რომ ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მერია ,,სავანეს’’ დანგრევას ითხოვდა, აშკარა კორუფციის ნიშნებს შეიცავს და საქმე უნდა გამოიძიონ.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დანგრევას და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მანამდე კი, 5 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე იდგა. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათ ეკუთვნოდათ. მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობდა და კერძო საკუთრება ვერ იქნებოდა. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.