ახალი ამბები
"ტერიტორია გადააქციეს სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად" - მოსახლეობის პროტესტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე (ქვიტირის მიმდებარედ), მოსახლეობა მათ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ტერიტორიის სამშენებლო ნაგავსაყრელად გადაქცევას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ გარემო ბინძურდება, გორებად დაყრილი მიწის მასა წყლის საწრეტ არხსაც უქმნის პრობლემას, რის გამოც წყალი გზის სავალ ნაწილზე გადადის.  

"მთავარი საწრეტი არხი არის გზის ამ ნაწილზე, რომელიც ახლა გაჭედილია, რადგან ნარჩენებით აავსეს, ამიტომ წყალი გადმოდის და იტბორება ყველაფერი. ალბათ, მალე, ნიკეას მაგვარ სანაგაოდ გადაგვიქცევენ აქაურობას, თუ არ მიიღეს ზომები", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი დიმიტრი კვანტალიანი. 

მოსახლეობის თქმით, ტერიტორიაზე სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, იქვე ახლოში მდებარე კომპანია ყრის. 

"კომპანია აბრალებს მერიას, მათი თანხმობა გვაქვს და ვყრითო, მერია კი ამბობს, ჩვენ არაფერი ვიცითო. ვითხოვთ, ეს ნაგავსაყრელი რაც გაგვიხსეს აქ, გაიტანონ და მოხრეშონ ადგილი", - აღნიშნავენ ადგილობრივები. 



აქვს თუ არა ნებრთვა კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრის, ამ საკითხის გარკვევას კომპანიის წარმომადგენლებთან შევეცადეთ, თუმცა ჩვენი მისვლის მომენტში საწარმოს პასუხისმგებელი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა, მან არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.


ჩხობაძის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ტერიტორიაზე, სადაც ახლა თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელია, წლების წინ სათამაშო მოედანი იყო. 

"ჩემს ბავშვობაში სტადიონი იყო აქ, ფეხბურთს ვთამაშობდით და ყველაფერს. ახლა ფეხბურთის თამაში კი არა, გავლა შეგეზიზღება, ისეთი ამბავია. რატომ წაიღებენ ნიკეაზე სამშენებლო ნარჩენებს, როცა აქ „მუქთად“ ყრიან. ყველას ფეხებზე ვკიდივართ მშენებელსაც, მთავრობასაც და ქუთაისის მერიასაც“, - ადგილობრივი ზურაბ მაჭარაძე.

მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას რეაგირებისკენ მოუწოდებს და ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვს. 

„მანქანებს დავსდევდი, ნუ დამიყრით ნაგავს-მეთქი და ყურიც არ მათხოვეს. ე.წ კანაოც გაგვიუქმეს, წყალში ვიხრჩობით, წვიმაში, პირველ სართულზე შემოგვდის, ცოდოები არ ვართ? გააკეთონ თავისი გაფუჭებული საქმე. გაასუფთაონ ტერიტორია და მოაწესრიგონ გზა, როგორც აქამდე გვქონდა“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი ვაჟა წიქორიძე. 



მოსახლეობის პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი თემურ ცამციშვილიც შეუერთდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი ადამიანების საჭირობებზე ზრუნვა არ არის.

„იმ ფონზე, როცა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ქალაქი გახდა, როცა სამუშაო ადგილები აქ ფაქტობრივად არ იქმნება და ვინც მუშაობს, მათი დიდი ნაწილიც აქედან გაქცევაზე ფიქრობს, ხელისუფლების პრიორიტეტი არის, იყოს ეს ქალაქი სანაგვე. არადა შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პრიორიტეტი იყო, ყოფილიყო ეს უბანი საპარლამენტო, აქ ყოფილიყო სამთავრობო კვარტალი“, - აღნიშნა თემურ ცამციშვილმა, რომელიც ადგილზე  მივიდა. 

იცის თუ არა მერიამ მოსახლოებასთან ახლოს თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელის შესახებ, სადაც ძირითადად სამშენებლო ნარჩენებს ყრიან, ან თუ აკეთებს ზედამხედველობას და გაითვალისწინებენ მოსახლეობის თხოვნას? - ამაზე ქუთაისის მერიაში განმარტებას არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ტრადიციად იქცა "კომენტარს არ ვაკეთებთ". 

რაც შეეხება უბნის მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ გიორგაძეს, ამბობს რომ ის საქმის კურსში არ არის, იმდენად რამდენადაც მოსახლეობას მისთვის არ მიუმართავს. 

"თუმცა, რა თქმა უნდა, ადგილზე მივალ აუცილებლად", - ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი. 

ადგილობრივი თვითმმართველობის გარდა, გარემოს დაბინძურების ფაქტებზე რეაგირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს. მოხდება თუ არა იდენტიფიცირება და დაჯარიმება იმ პირების, რომლებიც ტერიტორიას ნარჩენებით აბინძურებენ, "ქუთაისიპოსტი" თემაზე მუშაობას აგრძელებს. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.