"თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას"- ამ მოთხოვნით
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქცია, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც სამოქალაქო
საზოგადოების წევრები, რიონის მცველები და სხვები შეუერთდნენ.
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში
ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ
სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.
სასამართლომ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა
შეუფარდა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ
ანგარიშსწორებად გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ხელისუფლება ხასაიასა
და ჩიქობავას დაკავებითა და სამაგალითო დასჯით მიზნად ისახავს
ახალგაზრდობის ტერორს და მათში პროტესტის ჩახშობას, წერია
საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ამ ხელისუფლებისთვის პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი პრინციპი არ
არსებობს აბსოლუტურად. მაგათი ერთადერეთი პრინციპია ძალაუფლება.
ამიტომ ანკესის გადაგდებაზე მუშაობენ, სადაც გაუვათ გაუვათ, სადაც არ
გაუვათ არ გაუვათ და ეს არის. მათ რიგებში არის პოლიტიკურად
ანგაჟირებული და ფინანსურად დაინტერესებული ჯგუფები, რომლის
ინტერესებსაც ითვალისწინებენ, იმიტომ რომ მაგათ ფინანსებსა და
ელექტორატზე დგანან. ამიტომ რაღაც ზღვარი არ არსებობს სანამდეც
ხელისუფლება არ მივა, თუკი ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ
ყველაფერზე არიან წამსვლელი", - მიაჩნია მწერალს და ფილოსოფოს ტარიელ
დათიაშვილს.
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა საპროტესტო მოძრაობა "ხმას"
თანადამფუძნებლები არიან.
მასალის გამოყენების პირობები