ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს, სადაც
მგზავრებს სხვადასხვა ჯგუფის შემოთავაზებებთან დაკავშირებით
აფრთხილებს.
აეროპორტის განცხადებით, მათ მგზავრებს სხვადასხვა ჯგუფები პერიოდულად
უკავშირდებიან და დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან
შუამავლობას და კომპენსაციის აღებას სთავაზობენ.
ასევე, პირად მიმოწერაში მგზავრებს ეუბნებიან, რომ მათ შესახებ
ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტმა მიაწოდა, რომელთანაც თითქოსდა
თანამშრომლობენ.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი თანამშრომლობა ამ
ჯგუფებთან არ გვაკავშირებს. ნებისმიერი პირისთვის ჩვენი მგზავრების
შესახებ პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი
მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია და არც მომავალში ექნება. გვსურს
განვაცხადოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად იცავს
საქართველოს კანონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“,-
აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის განცხადებაში.
ისინი მგზავრებს მოუწოდებენ, არ ენდონ მსგავს ჯგუფებს და არ მიაწოდონ
მათ შესახებ რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები