"სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების
განცხადებით, სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობიდან დევნილი ოჯახები
ისე გაასახლეს, საცხოვრებელი ფართით არ დაუკმაყოფილებიათ.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, გია თევდორაძის თქმით, ამას ადასტურებს
დევნილთა სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაც, სადაც წერია,
რომ თამარ თითბერიძისა და მაია შუბითიძის ოჯახებს სახელმწიფოსგან არც
ფულადი კომპენსაცია მიუღიათ და არც საცხოვრებელი ფართი.
გია თევდორაძის განმარტებით, დევნილი ოჯახები „ოცნებამ“ ზამთარში, ღია
ცის ქცეშ, ბედის ანაბარა მიატოვა.
„ამ ოჯახებმა საკუთარი საცხოვრებელი ფართი ოკუპანტი რუსეთის მიერ
ერთხელ დროებით უკვე დაკარგეს ოჩამჩირეში და დღეს, რუსეთის ნამესტნიკი
ხელისუფლება ისევ აგრძელებს ოკუპაციას, ისინი დატოვა საცხოვრებელი
ფართის გარეშე. ეს არის უპრეცედენტო უპასუხისმგებლობისა და უნამუსობის
ფაქტი“,- განმარტავს გია თევდორაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდრო
მაღლაკელიძის თქმით კი, "ოცნებამ" შენობის პრივატიზებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილება ისე მიიღო, იქ მცხოვრები იძულებით
გადაადგილებული პირები არც კი გაუფრთხილებია.
„ამიტომ, მოვითხოვთ, აუცილებლად მოხდეს ამ ოჯახების ბინით
დაკმაყოფილება და რადგან ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული,
მანამდე უზრუნველყონ მათი განთავსება დროებით საცხოვრებელში, რადგან
ეს ადამიანები არიან სოციალურად დაუცველები, ჰყავთ მცირეწლოვანი
ბავშვები და არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა თავად ირჩინონ თავი“,-
განმარტავს ანდრო მაღლაკელიძე.
სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობიდან გამოსახლებული ოჯახები ახლა
ქირით ცხოვრობენ. ისინი დევნილთა სააგენტოდან პასუხს ითხოვენ, თუ რა
ბედი ეწევათ მათ.
"ვარ მარტოხელა დედა, მხოლოდ მცირეწლოვანი შვილის სოციალურ დახმარებას
ვიღებ და როგორ უნდა გავიტანოთ თავი? ვინმემ გაგვცეს პასუხი",- ამბობს
დევნილი მაია შუბითიძე.
„ქუთაისიპოსტი“ თემაზე მას შემდეგ მუშაობს, რაც სასტუმრო „თბილისის“
ყოფილი შენობა გაიყიდა.
არიან თუ არა ეს ოჯახები სახელმწიფოს მხრიდან ბინებით
დაკმაყოფილებულები - ამაზე ჩვენ დევნილთა სააგენტოს წერილით დეკემბრის
დასაწყისში მივმართეთ, თუმცა საჯარო ინფორმაცია, რომელზეც პასუხი ათ
სამუშაო დღეში უნდა მიგვეღო, ამ დრომდე არ მოგვსვლია. უწყებაში არც
სატელეფონო ზარებზე გვპასუხობენ.
აღნიშნულ ოჯახებთან დაკავშირებით სააგენტომ
განცხადება ერთი თვის წინ გაავრცელა, სადაც
ეწერა, რომ სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მყოფ ერთ ოჯახს,
სახელმწიფოს მხრიდან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ფულადი
კომპენსაცია აქვს მიღებული. მეორე ოჯახს საკუთრებაში ალტერნატიული
საცხოვრებელი ფართი გააჩნია, კიდევ ერთი ოჯახი კი შენობაში მისი
ოფიციალურად დახურვის შემდეგ შესახლდა.
ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული
სასტუმროს შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ
გაიტანა. ობიექტი შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“ 2 მილიონ 155 000 ლარად
შეიძინა. ამ ეტაპზე შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. არსებული
ინფორმაციით, ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს.
ამავე თემაზე:
"სასიკვდილოდ გაგვიმეტეს" - სასტუმრო "თბილისის"
ყოფილ შენობაში დევნილები ამ დრომდე რჩებიან
აქვთ თუ არა ბინები სასტუმრო "თბილისის" ყოფილ
შენობაში მცხოვრებლებს - დევნილთა სააგენტოს განცხადება
"გვითხრან, რა ბედი გველის" - სასტუმრო "თბილისში"
მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს
"სანამ გაიყიდებოდა, ვინმე ხომ უნდა მოსულიყო
ჩვენთან?" - სასტუმრო "თბილისის" შემოღობვა დაიწყეს
"გზას გადავკეტავთ" - სასტუმრო "თბილისის" შენობა,
სადაც დევნილები ცხოვრობენ, გაიყიდა
მასალის გამოყენების პირობები