წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროში საავტომობილო გზის
მონაკვეთი ჩავარდა.
სოფლის მკვიდრების განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტი
რამდენიმე თვის წინ დაიგო, თუმცა ის კვლავ დაზიანდა და მასზე
გადაადგილება საფრთხის შემცველია.
"ეს ხდება ჭომიდან მიმავალ გზაზე გუმათჰესის დასახლებამდე.
როგორც ვიცით, ავტობუსს ჩაუვლია და ჩანგრეულა, კიდევ კარგი,
მოუსწრია ადგილიდან გაცლა. ვინც აქ ვცხოვრობთ ვიცით და ფრთხილად
გავივლით ხოლმე, მაგრამ უცხოსთვის, განსაკუთრებით ღამით
საშიშია, მით უფრო, რომ მოხვეული გზაა.
ამიტომ დროული რეაგირებაა საჭირო, რამე ცუდი რომ არ
მოხდეს“,- განმარტავს ერთ-ერთი მოსახლე.
კიდევ ერთი ადგილობრივი მიიჩნევს, რომ რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე
ასფალტი ახალი დაგებულია, სამუშაოები თავის დროზე
უხარისხოდ ჩატარდა.
„ასფალტი რომ იგება, უნდა იყოს კარგი, მშრალი ამინდი. როცა
კეთდებოდა (დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში), პერიოდულად წვიმდა.
როგორც ჩანს, იმ დროს უხარისხოდ გაკეთდა და ახლა ამიტომ გვაქვს ასეთი
ცუდი მდგომარეობა. მართალია, შემოღობილია, მაგრამ ბევრ ადგილას არის
დაბზარული“,- განმარტავს ადგილობრივი.
დაზიანებული გზის მონაკვეთი
სოფელი ჯიმასტარო წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტის
პრესსამსახურშიც გვითხრეს, რომ აღნიშნული გზის მოვლა-პარტონობა
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის პასუხისმგებლობაშია.
"რამ გამოიწვია დაზიანება, ამაზე დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს.
შეიძლება მრავალი მიზეზი იყოს ამის, თუმცა პრობლემის აღმოფხვრის
სამუშაოები როგორც კი გამოიდარებს დაიწყება",- განმარტავენ გზების
დეპარტამენტში.
ჯიმასტაროში არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთი ორ კვირაზე მეტია
დაზიანებულია.
მასალის გამოყენების პირობები