წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აუქციონზე გატანილი 14
სანატორიუმიდან 7 გაიყიდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სანატორიუმი
„წყალტუბო“, „მედეა“, „თბილისი“, „ივერია“,“ცისკარი“, „სამგურალი“ და
„უშიშროებაა“ გასხვისებული.
უწყების ცნობით, ბოლოს, 2023 წლის ნოემბერში, სანატორიუმი „უშიშროება“
გაიყიდა.
პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, 2022 წელს, მთავრობამ
გასაყიდად 14 სანატორიუმი გამოიტანა: ხუთი პრემიუმ კლასის, ხუთი
საშუალო კლასის სასტუმრო და ოთხი სხვადასხვა სახის განთავსების
ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 47 007 300 ლარს
შეადგენდა.
პირველ აუქციონზე მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ და „მედეა“ გაიყიდა.
აქედან, სანატორიუმ "თბილისის"
რეკონსტრუქცია უკვე მიმდინარეობს.
ის შპს "აკამ" 3 მილიონ 152 300 ლარად შეიძინა. კომპანიის
წარმომადგენლების განმარტებით, სასტუმროს სრულად შეუნარჩუნდება ძველი
სახე, თუმცა დაემატება რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის, ვერტმფრენის
დასაჯდომი მოედანი და აუზები, რომლებიც სახურავზე განთავსდება. ის
ხუთვარსკვლავიანი იქნება.
გაყიდული სანატორიუმებიდან, დღეის მდგომარეობით, ყველაზე
ძვირადღირებული ყოფილი სასტუმრო „უშიშროებაა“, რომელიც 6 886
კვადრატული მეტრის შენობას და 250 768 კვადრატული მეტრის მიწას
აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები