ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარ
ოჯახს, სადაც სამი არასრულწლოვანი იზრდება, ,,მადლიერების სახლმა’’
საკვების გაცემა შეუწყვიტა.
მიზეზად ხურციძეებს მომატებული სარეიტინგო ქულა დაუსახელეს.
"2 თვეა მადლიერების სახლში არ ვყოფილვარ. როგორც მითხრეს, საკვების
მისაღებად 65 ათას ქულაზე ნაკლებია საჭირო, ჩვენ კი 86 ათასი
მოგვივიდა. ჩემს სიძეს მანქანა ჰყავს და სარეიტინგო ქულაც ამან
გაზარდა. არადა, მანქანა სამუშაოდ სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ვერ
იმუშავებს და შიმშილით დავიხოცებით,’’ -
ამბობს სოციალურ საცხოვრისის ბენეფიციარი მაკა
ხურციძე.
მაკა ხურციძე შვილთან, 4 შვილიშვილთან და სიძესთან ერთად 62
კვ.მ ამორტიზებულ ბინაში ცხოვრობს, სადაც იატაკი და კედლები
დაბზარულია. მალე კიდევ ერთ შვილიშვილს ელოდება, თუმცა არ იცის ამ
პირობებში შეძლებენ თუ არა ოჯახის კიდევ ერთი წევრის შენახვას.
სოციალური შემწეობა მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვან წევრებს აქვთ, თითოს
- 200 ლარი, რაც ჯამში 600 ლარს შეადგენს. ხურციძეების მრავალსულიან
ოჯახს 600 ლარი არაფერში ჰყოფნის. როგორც მაკა ამბობს, ,,მადლიერების
სახლიდან’’ წამოღებული საკვები 7 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი არ
იყო, მაგრამ მცირე შეღავათს მაინც უწევდათ, ახლა კი სულ ულუკმაპუროდ
დარჩნენ.
"3 პური მომქონდა მადლიერების სახლიდან, 3 პურით 7 ადამიანი მთელი დღე
თავს როგორ გავიტანდით? მაგრამ რაღაცაში ხომ მაინც გვწევდა წინ? ჩემს
შვილიშვილებს ლუკმა პირიდან ამოაცალეს. ცალკე მედიკამენტებში
მეხარჯება თანხა. ელექტროგათბობა მაქვს, რადგან გაზი ვერ შემომყავს და
ეს ზედმეტად ძვირს წვავს", - ამბობს მაკა ხურციძე.
ის ამბობს, რომ მაღაზიაშიც და აფთიაქშიც ვალები აქვს. კომუნალურებსაც
ვეღარ წვდება.
ქუთაისის მერიაში გვითხრეს, რომ ხურციძეები "მადლიერების
სახლის" ბენეფიციართა სიიდან არ ამოუღიათ, თუმცა მომატებული
სარეიტინგო ქულის შედეგად მათ ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულისგან
შუამდგომლობა სჭირდებათ, რომელსაც მერია დააკმაყოფილებს.
"მათ არც შუამდგომლობის წერილი წარმოუდგენიათ, არც ნიკეას
ადმინისტრაციულ ერთეულში მისულან და ეს თავად აქვთ მოსაგვარებელი,'' -
ამბობენ ქუთაისის მერიაში.
თუმცა თავად მაკა ხურციძე ამბობს, მან ეს ყველა პროცედურა უკვე
გაიარა, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულს მიმართა, საიდანაც უარით
გამოისტუმრეს.
ქუთაისის "მადლიერების სახლს'' ამ ეტაპზე 710 ბენეფიციარი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები