გარდაცვლილი ჟურნალისტის ქეთი ბერძენიშვილის დედა ბოკერიას სახელობის
საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს მიმართავს.
ექიმი მაგული ჩხობაძის ვარაუდით, მისი შვილი არასწორად ჩატარებული
ოპერაციის, ჰოსპიტალური ინფექციის და არასწორი პოსტოპერაციული
მკურნალობის გამო დაიღუპა.
"2022 წლის ნოემბრამდე არანაირი ჩარევა ქეთის არ დასჭირვებია, არც
მკურნალობა. შემდეგ მოგვივიდა პასუხი საფრანგეთიდან, რომ შეიძლება
იწყებოდეს სანაღვლე გზის ანთება. ამიტომ გვითხრეს, ჩავსულიყავით იქ,
გამოგვიკვლევდნენ და შესაბამის მცირე ოპერაციას ჩავატარებდით.
დაფინანსების წესები საფრანგეთში შეცვლილი იყო, 20 000 ევრო
მოითხოვეს, რომელიც შესაძლოა, კიდევ გაზრდილიყო, ამიტომ, მივაკითხეთ
აქ კობა შანავას, რომელიც ბოკერიას კლინიკაში მუშაობდა. მან
ჩაატარა ოპერაცია და პირველი, რაც გვითხრა იყო: მაგარ შარში
ვართ, ეს ოპერაცია ვერ გავაკეთე, მაგრამ თქვენ არაფერზე ინერვიულოთ,
ჩადგმული გვაქვს დრენაჟი და ორ კვირაში ამას გამოვასწორებთო. იმავე
დღესვე დაიწყო მწვანე ანთებითი პროცესი სანაღვლე გზებში. ქეთის
მდგომარეობა მძიმდებოდა, სუსტდებოდა, შემდეგ დაუდგინდა კლეფსიოლა. არ
მესმის, როგორ შეიძლება დატოვო მძიმე პაციენტი, სადაც ოპერაცია ვერ
გააკეთე და წახვიდე საზღვარგარეთ?
მე ექიმი ვარ და მასშტაბურად ვაყენებ საკითხს: ხდება კი საქართველოში
ღვიძლის პათოლოგიის მართვა? რა თქმა უნდა, მე ექსპერტიზის დასკვნა არა
მაქვს, ამიტომ სისხლის სამართალს ვერ აღვძრავ, ამიტომ ჯანდაცვის
სამინისტროს რეგულირების სამართველომ შესწავლოს არსებული საკითხი, თუ
შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება",-
განმარტავს მაგული ჩხობაძე.
უფლებამდაცველის მარიამ ლევიძის განმარტებით, დოკუმენტებითაც
დასტურდება, რომ ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა
სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც
განაპირობა, სავარაუდოდ, ჩატარებულმა ოპერაციამ.
"ამიტომ მთავარი კითხვა, რაც ჩვენ კლინიკასთან მიმართებაში
გვაქვს, ვვარაუდობთ და ვარაუდობს ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი, არის,
სათანადოდ ჩატარდა თუ არა ეს ოპერაცია და ამ ქირურგიულმა ჩარევამ
განაპირობა თუ არა ეს ანთებითი პროცესები. ასევე, ქირურგიული
ოპერაციიის ჩატარების შემდგომ, კლინიკამ რამდენად უზრუნველყო
მკურნალობა და იყო თუ არა სათანადო ყურადღება გამოჩენილი უშუალოდ
ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში და
უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული პაციენტი, როგორც ამას ოჯახი თვლის. და
რომ არა ქალბატონი მაგული ჩხობაძის სამედიცინო ცნობა იმასთან
დაკავშირებით, რა პროცედურები უნდა განხორციელებულიყო ქეთისთან, ალბათ
მისი გარდაცვალება მანამდე დადგებოდა",- განმარტავს მარიამ
ლევიძე.
როგორც "ქუთაისიპოსტს" ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს,
რეგულირების სამმართველომ საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო.
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 8 ნოემბერს
გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის თბილისიდან სტამბოლში
გადააფრინეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები