გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული
კვლევის მიხედვით, საქართველოში, ყოველ მე-2
ქალს, ცხოვრების განმავლობაში, ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
ყოველ მე-4 ქალს კი გამოუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა პარტნიორის
მხრიდან.
ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველ მე-4 ქალს სექსუალური
შევიწროების გამოცდილება აქვს. ამასთან, ქალების 8.5%-ს გამოუცდია
სექსუალური ძალადობა 18 წლის ასაკამდე.
„პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
ქალების 45.9%-ის თქმით, ძალადობის ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი
შესწრებია. შემთხვევების 10%-ში ბავშვებზეც უძალადიათ.
ქალების 18%-ს გამოუცდია მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი
კაცისგან მაკონტროლებელი ქცევა.
ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური
ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. 13%-ს დასჭირვებია სამედიცინო
დახმარება",- აღნიშნულია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ძალადობის ახლობლებისთვის გამხელის
შემთხვევაში, ქალების 16.4%-ს ურჩიეს ძალადობის ფაქტის დამალვა, 6.6%
თავად დაადანაშაულეს, 7.5%-ისადმი კი ახლობლები გულგრილები
დარჩნენ.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების 77.6% და კაცების 57.5%
ფიქრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა.
რაოდენობრივი კვლევა 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, პირისპირ
გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა და 15-69 ასაკობრივ ჯგუფში 3300 ქალი და
1100 კაცი გამოიკითხა.
მასალის გამოყენების პირობები