მერის დაპირება, რომ მიმდინარე წელს, ქუთაისსა და კოპიტნარის
აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა დანიშნულიყო, დაპირებად
დარჩა.
მუნიციპალური ტრანსპორტი არა, თუმცა ქუთაისის აეროპორტში
ოფიციალური გადამყვანი ტაქსი დაინიშნა, რომელიც აქ ჩამოსულ მგზავრებს
ოქტომბრიდან ემსახურება.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, „ბენე ექსკლუზივი“ მგზავრებს
Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ
ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს
სთავაზობს.
არადა მერია, ქალაქის პირველი პირის დაპირების მიხედვით, აეროპორტის
მიმართულებით 2 ელექტროავტობუსის შეძენას მიმდინარე წელს გეგმავდა.
2023-ს დასრულებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და საკითხთან
დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკრეტულს ისევ ვერაფერს
გვეუბნებიან.
მერიის პრესსამსახურში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ
ელექტროავტობუსების შემოყვანაზე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად
მუშაობენ, თუმცა როდის განხორციელდება აღნიშნული, ზუსტ ვადებს ვერ
ასახელებენ.
ამ საკითხზე წლებია წუხს ტურიზმის სექტორიც. მათი შეფასებით, მაშინ,
როცა ქალაქის შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია, მუნიციპალური
ტრანსპორტის (აეროპორტსა და ქუთაისის შორის) არ არსებობა,
ტურისტებს ქალაქში შემოსვლის სურვილს უკარგავს.
„როცა ქუთაისში ჩამოდიან ტურისტები, გაოცებულები არიან, რადგან
აეროპორტს თავისივე ქალაქთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით წვდომა არ
გააჩნია. მათ უნდა ჰქონდეთ ალტერნატივა და თავად გადაწყვეტენ, ტაქსით
იმგზავრონ თუ ტრანსპორტით.
მგონია, რომ თავმოყვარე ქალაქი ამ საკითხს ამდენ ხანს მოაგვარებდა. მე
არ მესმის ქუთაისის მერის ფუნქცია სხვა რა შეიძლება იყოს, თუ არა
მსგავსი პრობლემის გადაჭრა. რომ იყოს მოწესრიგებული ტრანსპორტი,
რეისების მიხედვით, არც პარკირებას გადავავსებდით და არც გზებს
გავჭედავდით", - განმარტავს ტურისტული გიდი ლაშა
ბერეკაშვილი.
მისივე თქმით, მგზავრებს ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე მგზავრობა
უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე, მაგალითად, ბათუმამდე ან თბილისამდე.
„25 ლარი ღირს ქუთაისიდან რომ წავიდნენ თბილისში და 25-30
ლარი ტაქსი რომ გამოიძახონ აპლიკაციით და აეროპორტიდან ქუთაისში
ჩავიდნენ, ადგილობრივ ტაქსისტებს კიდე 50 ლარი აქვთ ტარიფი.
როცა ქალაქი ხელს არ უწყობს ტურისტებს აქ გაჩერდნენ, უფრო უადვილდებათ
არჩევანის გაკეთება სხვა ქალაქებზე. ეს წყალტუბოს პრობლემაც არის.
ამიტომ, ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვაჟღერებდით, რომ საზოგადოებრივი
ტრანსპორტი უნდა დადიოდეს ქუთაისი-წყალტუბო-აეროპორტის (და პირიქით)
მიმართულებით“,- აღნიშნავს ბერეკაშვილი.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012
წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე
დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ მოხერხდა, რაც ჩამოსული
ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევს.
ამავე თემაზე:
"ვადებზე ვერაფერს გეტყვით" - ქუთაისსა და კოპიტნარის
აეროპორტს შორის ტრანსპორტის დანიშვნა წლებია ვერ
ხერხდება
2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის
მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს
მასალის გამოყენების პირობები