ქუთაისში, არასრულწლოვნების მშობელი ამბობს, რომ მათი შვილები
სამართალდამცველებმა სცემეს.
ის ყვება, რომ შემთხვევა ძველი პრავდას ქუჩაზე, ზურაბ ჭავჭავაძის
სკვერში, გუშინ, ღამის საათებში მოხდა.
მშობლის თამილა ზარგინავას თქმით, მისი ორი შვილი, 15 და 16 წლის
მოზარდი, სკვერში, მეგობრებთან ერთად კარტს თამაშობდა, რა დროსაც მათ
სამართალდამცველებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"ადგილზე რომ მივედი დამხვდა საპატრულო პოლიციის 10 ეკიპაჟი, უამრავი
ადამიანი, ვეძებდი შვილებს, მაგრამ არ დამანახეს. ჩემს მეუღლეს
დაეტაკნენ, ფეხქვეშ გათელეს, კაცი ჩატენეს მანქანაში. ჩანაწერები
მაჩვენეს თვითმხილველებმა, სადაც ჩანს, რომ ჩემს შვილებს
არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ახოხებდნენ ძირს, იარაღით ემუქრებოდნენ.
ბავშვები განადგურებულები არიან, დაკაწრულები, კოპები აქვთ იარაღის
ტარის ჩარტყმისგან.
ეს მოხდა იმიტომ რომ ბავშვები სკვერში თამაშობდნენ, ერთ-ერთმა
ჩასტვინა და პოლიცია, რომელიც მოქალაქეს დასაჯარიმებლად ჩიხში შემოყვა
და მისი დაჯარიმება არ გამოუვიდა, ბავშვებს დაერია, ვის დაუსტვინეო,
შეაგინეს, ესენიც თავმოყვარე ბავშვები არიან და შეეპასუხნენ",-
განმარტავს თამილა ზარგინავა.
მისივე თქმით, მომხდარზე პოლიციამ არასრულწლოვნების მამა დააკავა და
მას სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას
ედავებიან. ამასთან, მისივე განმარტებით, საქმე აღძრულია ერთ-ერთი
მოზარდის მიმართაც, რომელმაც საპატრულო პოლიციის მანქანა
დაიზიანა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ
დეტალებს არკვევენ.
მასალის გამოყენების პირობები