„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ხათუნა
არველაძე პირველკლასელებისთვის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტში თანხების გამოყოფას ითხოვს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ანალოგიური პროგრამა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება და ის მოსწავლეთა
კვებისთვის ყოველდღიურ 4-ლარიან დაფინანსებას გულისხმობს.
ხათუნა არველაძე განმარტავს, რომ მან პირველკლასელთა კვებისთვის
ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხების მოსაძიებლად
ქალაქის მერს განცხადებით უკვე მიმართა, თუმცა მან განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან გადაამისამართა.
„მინდა ქალაქის მერს ვუთხრა: ნამდვილად არ გვეშლება კანონი,
რომელ უწყებას რა კომპეტენცია გააჩნია, მაგრამ ვერც ერთ ნორმას ვერ
მიგვითითებთ საკანონმდებლო ბაზაში, რომლითაც აკრძალული გაქვთ
აღნიშნული პროგრამის განხორციელება“,- განმარტავს ხათუნა
არველაძე.
მისივე თქმით, ქუთაისში, დღეის მდგომარეობით, 2350 -მდე პირველკლასელი
სწავლობს და თუ ყოველ სასწავლო დღეზე, კვებისთვის 4-ლარიან
დაფინანსებას გავითვალისწინებთ, წელიწადში, მილიონ 513 000 ლარი
გამოდის.
„ე.ი ქალაქის მერი ეუბნება ბავშვებს, რომ მე თქვენთვის არ
გამოვყოფ ამ თანხას, მაშინ როცა, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში
ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გაწერილია 23 მილიონზე მეტი, ხოლო
მერიის შენობის შენახვისთვის - 12 მილიონზე მეტი, რაც
შარშანდელთან შედარებით მილიონითაა გაზრდილი.
მინდა ვკითხო ქალაქის მერს, რატომ არ შეიძლება ბავშვებისთვის, წლის
მანძილზე, გამოიყოს მილიონ ნახევარი ლარი, რომ მშივრები არ ისხდნენ
გაკვეთილებზე“, - ამბობს ხათუნა არველაძე.
საკითხთან დაკავშირებით, არასამუშაო დღის გამო, ქუთაისის მერიაში
კომენტარს არ აკეთებენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა
ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის
გამოკვლევის“ შედეგების მიხედვით, ბავშვების 35%
სკოლაში არასდროს იკვებება, ხოლო, დანარჩენი 65% ნაწილობრივ შიმშილს
განიცდის.
მასალის გამოყენების პირობები