"2024 წლის ქუთაისის ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული
ფინანსური დოკუმენტი იქნება’’ - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ
ხახალეიშვილმა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა.
მომავალი წლის ქალაქის მთავარი დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა,
რომელიც ქუთაისის საკრებულომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, აკაკი
წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.
2024 წელს ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის
დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 14 მილიონი ლარით
გაიზრდება და 115 მილიონ 510 ათასს მიაღწევს. მერიის პრიოროტეტები
წელსაც უცვლელია:
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები 23 მილიონ 480 ათასი
ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარება 23 მილიონ 098 ლარი;
დასუფთავება და გარემოს დაცვა - 11 მილიონ 015 ათასი ლარი;
განათლება 21 მილიონ 398 ათასი ლარი;
კულტურა ახალგაზრდობა და სპორტი - 25 მილიონ 691 ატასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 8 მილიონ 857 ატასი
ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 115 510 ლარი.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის, საგანმანათლებლო და სხვა
დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და საჯარო სამსახურში
დასაქმებულები ესწრებოდნენ.
ინსფრასტრუქტურული პროექტების განხილვისას ქუთაისის მერს, იოსებ
ხახალეიშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა მერია ქალაქში კანალიზაციის
პრობლემის მოგვარებას:
,,ჩემს ბინაში ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. მესმის, რომ ჩვენი
ჩართულობაც აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს ბინის მცხოვრებლები ვერ
გავაკეთებთ,’’-აღნიშნა თაბუკაშვილის ქუჩა #14-ში მცხოვრებმა ერთ-ერთმა
მოქალაქემ.
ქალაქის მერი, როგორც წესი, პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
"კანალიზაცია ჩვენი ქალაქის პრობლემაა, გრანტი გამოყოფილია და
მუშაობას დავიწყებთ,’’ - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
მომდევნი წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი
საჭიროებების განხილვას მადლობების გარეშე არ ჩაუვლია.
,,მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გითხრათ იმის
გამო, რასაც ამ ქალაქისთვის აკეთებთ. დღეს ქუჩაში მოვდიოდი და ძალიან
ვამაყობდი, რომ ასეთი გალამაზებულია ჩემი ქალაქი. ამას დანახვა
სჭირდება,''-აღნიშნა მერიას დაქვემდებარებული უწყების,
კულტურულ-საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების
მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა.
ქუთაისის საკრებულო ბიუჯეტს წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები