პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში,
ხელმოწერები შეგროვდა.
პეტიციის ავტორი ორგანიზაცია „animal
project“-ია, რომელთა წარმომადგენლების განმარტებით, ახალი წლის
მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის მოხმარება და იმატებს
შესაძლო ნეგატიური შედეგის რისკები.
ამიტომ, პეტიციის ავტორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ,
სასწრაფოდ დაიწყონ იმ კანონპროექტის განხილვა, რომლის თანახმადაც,
პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების
ქვეშ მოექცევა.
„ვთხოვთ და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,
გაითვალისწინოს ის უდიდესი ზიანი, რომელსაც ადამიანებს, ცხოველებსა და
გარემოს აყენებს პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენება და უმოკლეს
ვადებში დაიწყოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტების
განხილვა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც გარდაუვალია
საახალწლო პერიოდში“,- წერია პეტიციაში.
პეტიციისთვის, რომელიც 2 დეკემბერს შეიქმნა, სულ 15 000 ხელმოწერაა
საჭირო. ზუსტად 2 დღეში კი მას ხელს უკვე 18 000-ზე მეტი მოქალაქე
აწერს.
საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება
ფაქტობრივად არ კონტროლდება. ამასთან, ქვეყანაში შემოტანილი
პიროტექნიკის ხარისხზე პასუხისმგებელი არცერთი უწყება არ
არის. შესაბამისად, უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი
ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების
ნორმები დაცული არ არის.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წლის იანვარში, ცენტრს
დახმარებისთვის პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა
მოქალაქემ მიმართა, აქედან 18 წლამდე ასაკის 19 პირი იყო,
ჰოსპიტალიზაციის საჭიროება კი 41 შემთხვევაში დადგა. ამასთან,
დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების და მიუსაფარი ცხოველების
დაზიანების ფაქტებიც.
პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ოპოზიციონერმა
დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა, მიმდინარე წლის
28 მარტს,
დააინიცირეს, თუმცა, პროექტი პარლამენტის
მიერ განხილული ჯერაც არ არის.
კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის
ფიზიკური და იურიდიული პირები 1000 და 5000 ლარით დაჯარიმდებიან.
პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და
გამოყენება კი იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე
იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტენიკის ამკრძალავი
რეგულაციების საფუძველზე, სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
ფოტო: არქივი
ამავე თემაზე:
პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით პარლამენტში
კანონპროექტი დააინიცირეს
მასალის გამოყენების პირობები