ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „თბილისი“, რომელიც ცოტა
ხნის წინ გაიყიდა, ხის ბოძებით შემოსაზღვრეს.
მუშები კი შენობის პირველის სართულის სადემონტაჟო სამუშაოებს
ახორციელებენ. ამის პარალელურად, შენობაში 7-მდე დევნილი ოჯახი
ცხოვრობს, რომლებიც, მათი თქმით, ამ დრომდე ალტერნატიული საცხოვრებლით
დაკმაყოფილებას ელოდებიან.
დევნილების განმარტებით, სასტუმრო „თბილისის“ დემონტაჟი ისე დაიწყეს,
მათთვის ბინები არ მიუციათ და თუკი სასტუმროს ყოფილ შენობას ახალი
მეპატრონე დაანგრევს, ისინი ღია ცის ქვეშ დარჩებიან.
„აქ ვცხოვრობ მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
გვეშინია ამ ზამთარში ქუჩაში არ მოგვიწიოს ღამის გათენება. მეპატრონე
არ გამოჩენილა, მას აქვს ინფორმაცია, თითქოს ამ შენობაში ცხოვრობს
ყველა ბინებაღებული ოჯახი და ამიტომ დაიწყეს ნგრევა. არა და აქ ვართ
დარენილი 7 ოჯახი, რომლებსაც არსად წასასვლელი არ გვაქვს. ვითხოვთ
დევნილთა სამინისტროსგან დახმარებას“, -
განმარტავს
სასტუმრო "თბილისში" მცხოვრები დევნილი
თამარ თითბერიძე, რომელიც აღნიშნულ შენობაში 28 წელია
ცხოვრობს.
თუ რა ბედი ელით სასტუმრო „თბილისში“ დარჩენილ დევნილებს - ამაზე
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული
სამმართველოს უფროსმა დავით ჭეიშვილმა სამინისტროში
გადაგვამისამართა. ხოლო უწყების ცხელ ხაზზე (რადგან
პრესსამსახურმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა) გვითხრეს, რომ
ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. საჯარო ინფორმაციის მიღებას
კი 10 სამუშაო დღე სჭირდება.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე
განთავსებული სასტუმროს შენობა
აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ
გაიტანა.
ობიექტი შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“ 2 მილიონ 155 000 ლარად შეიძინა.
როგორც საინვესტიციო შეთავაზებაშია აღნიშნული, ადგილზე სასტუმრო უნდა
აშენდეს.
ამავე თემაზე:
"გზას გადავკეტავთ" - სასტუმრო "თბილისის" შენობა,
სადაც დევნილები ცხოვრობენ, გაიყიდა
მასალის გამოყენების პირობები