„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ქუთაისის 2024
წლის ბიუჯეტის პროექტი გააპროტესტა.
მან ქუთაისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ
ქალაქის მთავარ 100 მილიონიან ფინანსურ დოკუმენტში ადმინისტრაციული და
სარესტორნო ხარჯები გაზრდილია და ის თანამდებობის პირებზეა
მორგებული.
კერძოდ, გიგა შუშანიას განმარტებით, ხელფასები, გასულ წელთან
შედარებით, 4 მილიონით არის მომატებული, ქუთაისის მერიის შენახვის
ხარჯები კი - 1 მილიონ 200 ათასი ლარით.
„ეს არის კატასტროფული ბიუჯეტი, რომელიც არ არის ქუთაისელების
საჭიროებაზე მორგებული. რესტორნების ხარჯები 200 000 ლარამდე გაზარდეს
და ამის პარალელურად, უფასო კვებაში საქონელი და მომსახურება 40 000
ლარით არის შემცირებული. თურმე, უბრალო გაჭირვებულ ადამიანებს უფრო
ნაკლები თანხები სჭირდებათ კვებისათვის, ვიდრე ქუთაისის მერს და
ჩინოვნიკებს. ამასთან, საგზაო ინფრასტუქტრურა 2 მილიონ 280 ათასამდე
ჩამოიყვანეს და ლამის 11 მილიონით არის შემცირებული. ტურისტული
ინფრასტრუქტურისთვის კი - 0 ლარია. ქუთაისი მიექანება უფსკრულისკენ,
ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ამოიღოს ხმა და ვიზრუნოთ იმისათვის,
რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო მეტად არ დაიცალოს“,- ამბობს გიგა
შუშანია.
ოპოზიციონერი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს
მიმართავს, დროულად მოიწვიონ ფრაქციის სხდომა, რომელსაც ქალაქის მერი
და მისი მოადგილეები დაესწრებიან და დაიწყონ ბიუჯეტის დეტალური
განხილვა.
გიგა შუშანიას ბრალდებებს ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის საწყისი მოცულობა 100 მილიონ 210 ათასი
ლარია, 2023 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის
საწყისი მოცულობა კი 101 მილიონ 481 700 ლარს
შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები