საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის
მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ეს იქნება საქართველოს, ქართველი
ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობისა და ისტორიული
გამარჯვების აღნიშვნა.
„იცით, რომ დეკემბერში ველოდებით უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო
გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით
ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და
გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება,
14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15-ში მოხდება ეს,
გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ,
გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და
ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობის, ჩვენი
ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
რეკომენდაცია 8 ნოემბერს, 9 დათქმით გაუწია. საბოლოო გადაწყვეტილებას
კი ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის
წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.
მასალის გამოყენების პირობები