"ოქროს ჩარდახის" სარებილიტაციო სამუშაოები ერთ თვეზე მეტია განახლდა,
თუმცა რესტავრაცია იმავე პროექტით გრძელდება, რომელმაც საზოგადოების
პროტესტი გამოიწვია.
სამუშაოების განახლების დროს ახალი კომპანიის ხელმძღვანელი ჩვენთან
საუბარში
ამბობდა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის
პარალელურად, შესაძლოა, ცვლილებები განხორციელებულიყო, თუმცა, ამ ხნის
განმავლობაში მუშაობა ძველი პროექტით მიდის.
„საპროექტოში გვითხრეს, მიყევი პროექტის (ძველი პროექტის
რედ.) მიხედვით და თუ რამე ცვლილება იქნება, შეგატყობინებთო.
ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის. მიმდინარეობს რესტავრაცია,
დაზიანებული ადგილების ამოვსება/აღდგება. სახურავამდე ჯერ არ
მივსულვართ“, - განმარტავს კომპანია შპს „მანე ლუქსის"
დირექტორი დიმიტრი ჩხაიძე.
ახალმა კომპანიამ სამუშაოები ტენდერის გზით გადაიბარა. ეს კი მას
შემდეგ მოხდა, რაც საზოგადოებამ რეაბილიტაციის პროექტი დაიწუნა და
მერიამ რეკონსტრუქციის თავდაპირველ შემსრულებელ კომპანია
"ივერთმშენს"
ხელშეკრულება გაუუქმა.
მერიამ შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ
ახალი ტენდერი გამოაცხადა. ამის პარალელურად კი, ადგილობრივ
თვითმმართველობაში საინიციატივო ჯგუფ "ოქროს ჩარდახსა" და მერიის
წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა.
"შეხვედრაზე ჩვენ მიერ მოწვეულმა არქიტექტურის ისტორიკოსებმა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პროექტის ავტორებს,
ვრცლად და საფუძვლიანად წარუდგინეს თავიანთი მოსაზრება, რატომ იყო
არსებული პროექტი მიუღებელი. გვქონდა მოლოდინი, რომ პროექტი
შეიცვლებოდა, თუმცა მათ წმინდათ ბიუროკრატიული პროცესის გამო არ სურთ,
ეს გზა ხელახლა გაიარონ და ძეგლი გადაარჩინონ",
- ამბობს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი სოფიო
ზვიადაძე.
სამუშაოების მორიგ შემსრულებელთან
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საინიციატივო ჯგუფის
წევრები შპს "მანე ლუქსის" ხელმძღვანელსაც შეხვდნენ და თავიანთი
შეხედულებები გაუზიარეს.
„ამ შეხვედრით კომპანიის წარმომადგენელმა თავისი ღიაობა
დაამტკიცა, მაგრამ ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები, როგორი იქნება
ძეგლი. ამასთან, არის კიდევ სხვა პრობლემები, რომლებიც ამ ძეგლის
რეაბილიტაციას ახლავს: აქ არ არიან რესტავრატორები ჩართული და არ
მუშაობს ამ დარგის სპეციალისტების ზედამხედველობით ეს ჯგუფი. არ
შეიძლება მხოლოდ მუშებმა იმუშაონ ასეთ უნიკალურ ძეგლზე. ეს პროექტი
ძეგლს მთლიანად უკარგავს თავის ავთენტურობას და ქუთაისის ამ ისტორიულ
უბანში ცვლის ადგილობრივ ლანდშაფტს. ამიტომ, ველოდებით, რომ მერია ამ
პროცესს შემოაბრუნებს, საღი აზრი გაიმარჯვებს და მიხვდებიან, რომ ეს
არის ქუთაისის სამუდამოდ დამახინჯება და ამ ძეგლის
დაკარგვა“,- აღნიშნავს სოფიო ზვიადაძე.
ადგილობრივ თვითმმართველობაში არ გაგვცეს პასუხი თუ
რატომ გრძელდება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ისევ ძველი პროექტით,
რომლის მიხედვითაც ობიექტი ავთენტურობას კარგავს.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციას "ივერთმშენი" 955 555 ლარად
ახორციელებდა, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეში მერიამ,
კომპანიას, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის
გამო, ჯერ
ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა.
ამის საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ ქუთაისის
მერიას
სასამართლოში უჩივლა.
ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი მიწოდებული არ
ჰქონდათ და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების
გასაწყვეტად საბაბს ეძებდა. ამიტომ, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის
გაწირვად აფასებდა.
"ივერთმშენთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ქუთაისის მერიას
ობიექტის კეთილმოსაწყობად ტენდერის გამოცხადება ორჯერ მოუწია. ბოლოს
გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში შპს „მანე ლუქსმა" გაიმარჯვა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება კი მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, 1 752
909 ლარზე გაფორმდა.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის
მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების
მოთხოვნით,
საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე
სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ
შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და
რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა
ფოტო: ნია ხარაძე
ამავე თემაზე:
"ოქროს ჩარდახში" სამუშაოები განახლდა - ახალ
კომპანიასთან ხელშეკრულება დადებულია
"ბევრი რაღაც, ალბათ, მშენებლობის პროცესში
შეიცვლება" - "ოქროს ჩარდახის" ახლადშერჩეული კომპანიის დირექტორი
„ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციაზე მერია ტენდერს
მესამედ აცხადებს
"ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეზე
მეტია შეჩერებულია
ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი
ჩაიშალა
"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია
მერიას სასამართლოში უჩივის
მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების
შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები