ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ე.წ. ძველი უნივერმაღის წინ
დამონტაჟებული გამაფრთხილებელი შუქნიშანი არ მუშაობს, რაც ადგილზე
საავარიო ვითარებას ქმნის.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ინტენსიური მოძრაობაა, რადგან ავტომშენებლის
ქუჩა გზის პირზე მდებარეობს, გარდა ამისა, ქუჩას ორი გზაჯვარედინი
ესაზღვრება, შესაბამისად, ოთხმაგი მოძრაობის პირობებში სავალ
ნაწილზე ქვეითთა გადაადგილება განსაკუთრებით საფრთხისშემცველია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გზაზე მოძრაობის ძალიან ეშინიათ,
განსაკუთრებით, საღამოს საათებში, როცა ხილვადობა ნაკლებია და
ინტენსიური მოძრაობაა.
"მანქანები ისე სწრაფად მოძრაობენ, თან იმდენი ავტომობილია, "ზებრა"
გადასასვლელზე კანკალით გადავდივარ. ამ ადგილზე მხოლოდ
გამაფრთხილებელი შუქნიშანი საკმარისი არაა, ეს შუქნიშანი მხოლოდ
შორიდან უჩვენებს მძღოლებს, რომ მოძრაობა უნდა შეანელონ. სატრანსპორტო
რეგულირების შუქნიშანიც საჭიროა, რათა ქვეითი გზაზე მშვიდად
გადავიდეს. თუმცა რაც არის დამონტაჟებული, ისიც გაფუჭდა", - ამბობს
ავტოქარხნის ერთ-ერთი მცხოვრები.
,,ორი შვილი მყავს. მათთან ერთად ასეთ მოძრაობაში გზის მეორე მხარეს
გადასვლა ძალიან რთულია. მანქანები სწრაფად დაჰქრიან. აქ
"ზებრა" გადასასვლელია, მაგრამ მძღოლებს ეჩქარებათ და ცდილობენ
გადაგასწრონ. ადრე შუქნიშანი ცოტას აკავებდათ და ასე ძალიან არ
მეშინოდა, ახლა მუდამ საფრთხეს ვგრძნობ", - ამბობს ადგილობრივი მართა
როინიშვილი.
ააიპ ,,ქუთგანათების სერვისში’’ ამბობენ, რომ გამაფრთხილებელი
შუქნიშნები მზის ელემენტზე იმუხტებიან, ღრუბლიან ამინდებში კი,
შესაძლოა, დამუხტვა ვერ მოასწრონ და გაითიშონ. სავარაუდოდ, სწორედ
ამის გამო არ მუშაობს ავტოქარხნის ქუჩაზე დამონტაჟებული საგზაო
უსაფრთხოების ნიშანიც.
ააიპ "ქუთგანათების სერვისის" უფროსის მალხაზ ბასილაძის
განმარტებით, შუქნიშანს შეამოწმებენ და შემდეგ შეაკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები