საზოგადოებრივი კოლეჯის, "მედიკ ფორტეს" დირექტორი იზა დიაკვნიშვილი
ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.
იზა დიაკვნიშვილი ამბობს, რომ მერიამ 2018 წელს, მასთან შეუთანხმებლად
გაყიდა ზ.გამახურდიას ქუჩა #34-ში მდებარე შენობა, სადაც
,,მედიკ ფორტე" იყო განთავსებული, მაშინ როცა დაზარალებულს ამ შენობის
მეორე სართული იჯარით ჰქონდა აღებული და ობიექტის გასარემონტებლად 150
ათას ლარამდე დახარჯული, იჯარის ვადა კი ამოწურული არ იყო. იზა
დიაკვნიშვილი ამბობს, რომ ქონების პრივატიზების შემდეგ მერიამ იჯარის
ხელშეკრულება გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე გაუუქმა, რომელსაც
ხელი ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ მოაწერა.
"დასკვნაში დაწერეს, რომ საიჯარო პირობებს არ ვასრულებდი, შენობა არ
გამირემონტებია და იჯარას არ ვიხდიდი, რაც ტყუილია. 150 ათასი ლარის
ინვესტიცია ჩავდე შენობაში, იჯარის დავალიანებაც ბევრი არ მქონდა. ეს
ყველაფერი იუზა უგულავას დაკვეთით ხდებოდა," - ამბობს იზა
დიაკვნიშვილი.
იზა დიაკვნიშვილს სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აქვს
შეტანილი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კერძო
აუდიტორი დავით რობაქიძე, რომელმაც ზ.გამსახურდიას #34-ში არსებული
შენობა შეაფასა. სწორედ ამ შეფასების მიხედვით განისაზღვრა
ქონების ფასი, რის შედეგადაც ობიექტი აუქციონზე მის რეალურ
ღირებულებაზე ნაკლებად, 508 ათას ლარად გაყიდეს.
იზა დიაკვნიშვილი განმარტავს, რომ დავით რობაქიძემ შეფასებას
დანგრეული შენობის სურათები დაურთო, რომელიც რეალურად ზ.გამსახურდიას
ქუჩა #34-ში არსებულ ფართს არ ასახავდა და სხვაგან იყო გადაღებული.
გარდა ამისა, დაზარალებულის თქმით, აუდიტორმა დოკუმენტს ლევან
სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის ძველი, 2009 წლის დასკვნა დაურთო,
როცა შენობა ჯერ გარემონტებული არ იყო, რის გამოც ქონების ფასმა
დაიწია. იზა დიაკვნიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტების გაყალბება დავით
რობაქიძის ინტერესებში არ შედიოდა და მან გავლენიანი პირის, კერძოდ,
იუზა უგულავას დაკვეთა შეასრულა, ამ უკანასკნელმა
კი, იზა დიაკვნიშვილის თქმით, ამ საქმით ფული
გაათეთრა.
ქუთაისის მერიაში ,,მედიკ ფორტეს" შენობის გაყიდვასთან იუზა უგულავას
დაკავშირებას უსაფუძვლოს უწოდებენ, რადგან აღნიშნული ობიექტი მერიის
საპრივატიზაციო ქონებათა ნუსხაში ჯერ კიდევ 2016 წელს იყო, იუზა
უგულავა კი მერის მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა. რაც შეეხება 2018
წელს შენობის დაბალ ფასად გაყიდვას, მერიაში მთელ პასუხისმგებლობას
კერძო აუდიტორს აკისრებენ და და აცხადებენ, რომ იუზა უგულავა არაფერ
შუაშია.
იზა დიაკვნიშვილმა ზ.გამსახურდიას #34-ში მდებარე სამსართულიანი
შენობის მეორე სართული 12-წლიანი იჯარის ხელშეკრულებით 2010 წელს აიღო
და მასში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი კოლეჯი
,,მედიკ ფორტე’’ გახსნა. საიჯარო პირობების მიხედვით, მოიჯარეს
წელიწადში იჯარის თანხა - 8000 ლარი უნდა გადაეხადა, ამავდროულად,
აღნიშნულ ტერიტორიაზე 150 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა
განეხორცილებინა. ,,მედიკ ფორტე" შენობაში 8 წლის განმავლობაში
მუშაობდა. 2018 წლის 4 აპრილს ქონება დავით ტაბიძემ შეისყიდა და
ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი ააშენა.
ქუთაისი პოსტი თემაზე აგრძელებს მუშაობას. მხარეებს შორის არსებულ
სასამართლო დავაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები