სტუდენტური მოძრაობის, "თავისუფლებისთვის’’ ორგანიზებით, ქუთაისში
სოფელ კირბალის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს
მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა გააპროტესტეს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო
აქტივისტები და ქალაქის სხვა მცხოვრებლები შეიკრიბნენ. აქციის
მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, მთავრობის დუმილი მაშინ, როცა რუსული რეჟიმი საქართველოს
მოქალაქეებს სასიკვდილოდ იმეტებს, ერის წინაშე დანაშაულია.
"უფლება არ მქონდა აქ არ მოვსულიყავი, რადგან ყველა ქართველმა უნდა
გააპროტესტეს ის, რასაც რუსული რეჟიმი აკეთებს. ვფიქრობ, ამ
სიტუაციაში დუმილი დანაშაულია, ხელისუფლება კი დუმს. ამ ყველაფერს,
პირველ რიგში საქართველოს მთავრობა უნდა აპროტესტებდეს. მთავრობის
მხრიდან მეტად უნდა ვგრძნობდეთ, რომ დაცულები ვართ,"-ამბობს
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც
იმართება.
6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე,
თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შსს-მ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი
პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და
თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები