ქუთაისში არსებულ რამდენიმე ბაღსა და სკვერში ინვენტარის ნაწილი
დაზიანებულია, რაც ადგილობრივებში პროტესტს იწვევს.
საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ინფრასტრუქტურისა და
ინვენტარის დაზიანებისთვის მოქალაქეების დაჯარიმების
გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ
5 თვის წინ მიიღო,
მაგრამ მერიაში არ გვეუბნებიან მსგავს ვანდალურ შემთხვევებზე
რამდენი მოქალაქე დააჯარიმეს.
"მესმის მერიის ბრალი არაა, როცა ჩვენ, ხალხი ვანდალურად ვიქცევით და
საზოგადოებრივ ქონებას ვანადგურებთ, მაგრამ ხომ შეიძლება კამერები
დადგან და მსგავს ფაქტებზე ადამიანები დააჯარიმონ? საზოგადოებას,
სამწუხაროდ, აქვს განცდა, რომ რაც საზოგადოა და პირადი საკუთრება არ
არის, მისი არ არის. ვფიქრობ, ადგილობრივმა მთავრობამ ხალხის
მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაზეც უნდა იზრუნოს, სხვა
შემთხვევაში მუდამ ვანდალიზმის წინაშე ვიდგებით,’’ - ამბობს ქუთაისში
მცხოვრები ნარგიზა გელაძე.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარი
ინვენტარი დაზიანებულია ავტოქარხანის დასახლებაში მდებარე
სკვერშიც, რომელიც 2020 წელს გაიხსნა.
მისი კეთილმოწყობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
277 700 ლარი დახარჯა.
"ეს სკამი ნახევრად დამტვრეულია, რაც საცოდაობაა. სკვერი გავიკეთეს,
რაც კარგია, მაგრამ ყველაფერი მალე რომ ფუჭდება, ეს გულსატკენია. ხომ
უნდა მოუფრთხილდეთ, რაც გაკეთდა? ან მერიამ ხომ მაინც უნდა იზრუნოს,
რაც მოაწყო, იმის დაცვაზე?", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მანანა
ნიქაბაძე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მერია თანმიმდევრული უნდა იყოს და იქ,
სადაც სკვერს აწყობს,
იქვე ვიდეოკამარებიც უნდა დააყენოს.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის
შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი
არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები