დღეს, 31 ოქტომბერს, ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე
კაფე-ბარ ,,სავანესთან,’’ ობიექტის შესაძლო დანგრევის შესაჩერებლად
აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები ,,სავანეს’’ მეპატრონეები, გიორგი და ირაკლი
ტურაბელიძეები არიან, რომლებიც თვლიან, რომ ადგილობრივი
თვითმმართველობა მათი სახით კერძო საკუთრებას და მცირე ბიზნესის
განვითარებას ეწინააღმდეგება.
"ქუთაისელებო დროა გავერთიანდეთ, ცენტრალური ბაღის კაფე "სავანეს" და
ჩვენი ქალაქის დასაცავად! დროა წერტილი დავუსვათ ამ ქალაქში გამეფებულ
კორუფციას და უვიცი კრიმინალების ბოგინს, რომლებიც არ ერიდებიან
ძალადობრივი გზით ქონების მიტაცებებს, რისი არაერთი შემთხვევაც უკვე
ფიქსირდება ჩვენს ქალაქში. ვიკრიბებით ცენტრალურ ბაღში, კაფე
"სავანესთან", რომლის დანაშაულებრივი გზით მიტაცებას ცდილობს ქალაქის
მერია და იქ ჩამაგრებული კრიმინალების ბანდა,’’ - აცხადებენ კაფის
მეპატრონეები.
აქცია 20:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს'' შორის წლებია სამართლებრივი დავა
მიმდინარეობს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯერ მიწის ნაკვეთი
სასამართლოს გზით დაიკანონა, შემდეგ კი ჯერი ობიექტზე მიდგა, რომელიც
ამ მიწაზე დგას. საბოლოო გადაწყვეტილებას ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე
16 ნოემბერს გამოაცხადებს. თავის მხრივ, მერიის
გადაწყვეტილებაა, რომ ობიექტი დაინგრეს.
სასამართლო პროცესებზე მერიის იურისტები განმარტავდნენ, რომ ქუთაისის
ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტში ,,სავანეს'' შენობა არ
ჯდებოდა და ის უნდა დანგრეულიყო.
ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების
ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის
მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე
ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა.
1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები