ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის ,,სავანეს'' ნაცვლად,
ადგილზე ფანჩატური მოეწყობა, -ამის შესახებ კვების ობიექტის
მფლობელებმა და ადვოკატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე
განაცხადეს.
"13 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე, მერიის იურისტებმა იმ ახალი კაფის
სასყიდლით გადმოცემა შემოგვთავზეს, რომელიც როგორც ვიცოდით,
,,სავანეს’’ ნაცვლად უნდა აშენებულიყო. ახლა კი იურისტი ირაკლი
გიორგაძე გვეუბნება, რომ კაფის ადგილზე ფანჩატური მოეწყობა.
საინტერესოა, ამის გადმოცემას აპირებდნენ?", - ამბობს ,,სავანეს’’
მეპატრონეების ადვოკატი ლელა ბანძელაძე.
ბარის მფლობელის, გიორგი ტურაბელიძის ინფორმაციით კი, ქუთაისის
ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის ხარჯთააღრიცხვის პროექტში, რომლის
ფარგლებშიც ,,სავანეს’’ შენობა უნდა დაანგრიონ, კაფის დემონტაჟი
ასახული არაა.
,,პროექტში ჩამოწერილია იმ შენობების სია, რომლებიც უნდა დაანგრიონ.
ამ დოკუმენტში კაფეზე არაფერია ნათქვამი, რადგან 2006 წელს ბაღის
აზომვით ნახაზზე ,,სავანე’’ არ დაიტანეს. კაფეს საკადასტრო კოდიც არ
აქვს, შესაბამისად, პროექტში ვერ ასახავდნენ. ვითომ აქ შენობა არც
დგას,’’ - ამბობს ბარის მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე.
მისივე თქმით, ხარჯთააღრიცხვის დოკუმენტში ჩამოწერილი შენობებიდან,
რომელთა დემონტაჟსაც აპირებენ, ისეთი ინფრასტრუქტურაც გვხდება,
რომლებიც ბაღში არ არის, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე ფულის
გათეთრებასთან გვაქვს.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების
რეაბილიტაციისთვის ტენდერი
{NAT220025121] მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა
გასულ წელს გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება
შპს "დაგმა" აიღო.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით
"დაგს" ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული
შენობების (დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) დეტალური
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამის
საფუძველზე, სამუშაოების განხორციელება ევალება. აღნიშნულისთვის 14
მილიონ 850 000 ლარია გამოყოფილი.
ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს" მფლობელებს შორის ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში არსებული დავა დასრულდა. გადაწყვეტილებას
მოსამართლე დარინა აბულაძე 16 ნოემბერს გამოაცხადებს.
სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა დაანგრევენ თუ არა
ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის შენობას.
ადგილობრივ მთავრობასა და "სავანეს" შორის დავა ჯერ კიდევ ოთხი
წლის წინ დაიწყო. მაშინ მერიის მხრიდან დავის საგანი მიწის
ნაკვეთის საკუთრების საკითხი იყო, რომელზეც კაფე დგას. ორივე
ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.
მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების შემდეგ, მერიამ
მეპატრონეებთან ახალი დავა, ამჯერად, შენობაზე დაიწყო.
მერიაში ამ საკითხზე განმარტებას, სასამართლო პროცესის დასრულებამდე,
არ აკეთებენ.
ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა.
კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის
ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე
ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა.
1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.
მასალის გამოყენების პირობები