სახელმწიფო რეკეტი! გვართმევენ! ანგრევენ! - ასეთი წარწერები გააკეთეს
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“ შენობის ფასადზე
მეპატრონეებმა.
სასამართლოს ეზოში დღეს გამართული
აქციის შემდეგ, შენობის დანგრევის მომლოდინე
მფლობელებმა ამჯერად ასე გამოხატეს თავიანთი პროტესტი.
წარწერების გარდა, ობიექტის ფასადზე, მათ კაფის სამართლებრივი დავის
საქმეში მერიის მხრიდან ჩართული ხელმძღვანელი პირების ფოტოებიც
გააკრეს. ესენია: ქალაქის ყოფილი მერი გიორგი ჭიღვარია, მერის
მოადგილე იუზა უგულავა, იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი
გიორგაძე და მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი ხელძღვანელი
გიორგი გიორგობიანი.
ქუთაისი მერია ობიექტის მეპატრონეებს ტერიტორიის დაცლასა და 200 ათას
ლარამდე საიჯარო თანხის გადახდას სთხოვს. ამასთანავე, მერია
კაფე-ბარის ,,სავანეს’’ მფლობელებს, ობიექტის დემონტაჟის შემდეგ, მის
ადგილზე ახალი კაფის აშენებას და მის სასყიდლით გადაცემას სთავაზობს.
მხარეებს შორის შესაძლო მორიგებაზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა
გამართულიყო, თუმცა, ტურაბელიძეების მხრიდან დაყენებული შუამდგომლობის
შედეგად, პროცესი 27 ოქტომბრამდე გადაიდო.
"კატასტროფა ხდებოდა დღეს სასამართლოში. პროცესი გადაიდო, იმიტომ რომ
155 გვერდიანი დოკუმენტი მოიტანა ირაკლი გიორგაძემ (მერიის იურისტი),
გვეუბნებოდნენ, ეს უნდა გენახათ რომელიღაც საიტზე, ამისთვის აქამდე
დრო გქონდათო. წარმოიდგინეთ, მტკიცებულებად მოაქვთ დოკუმენტი, რომლის
გაცნობის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ, ისე უნდოდათ
გავესამართლებინეთ. ეს არ არის საქალაქო სასამართლო პროცესი, უბრალოდ,
გვასამართლებენ. როგორც მონებს ასამართლებდნენ, ისე გვასამართლებენ
პირდაპირი გაგებით“, - ამბობს კაფის ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი
ტურაბელიძე.
ქუთაისის მერიასა და "სავენს" შორის დავა ჯერ კიდევ ოთხი წლის
წინ დაიწყო. მაშინ მერიის დავის საგანი მიწის ნაკვეთის საკუთრების
საკითხი იყო, რომელზეც კაფე დგას. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის
მესაკუთრედ მერია აღიარა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ საქმეში თანმიმდევრულობა გამოიჩინა.
შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების შემდეგ,
მეპატრონეებთან ახალი დავა, ამჯერად, შენობაზე დაიწყო.
მერიაში ამ საკითხზე განმარტებას, სასამართლო პროცესის
დასრულებამდე, არ აკეთებენ.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების
ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის
მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე
ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა.
1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.
ამავე თემაზე:
"არა კერძო საკუთრების ხელყოფას" - აქცია სასამართლო
პროცესის დაწყებამდე
ახალი კაფე ,,სავანეს'' ნაცვლად - მერიის შეთავაზება
ობიექტის მფლობელებს
200 ათასამდე საიჯარო თანხა და ობიექტის დემონტაჟი -
მერიის მოთხოვნა "სავანეს" მფლობელებს
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე, შესაძლოა,
დაანგრიონ - გროვდება ხელმოწერები
საკადასტრო რუკიდან გამქრალი შენობა -ართმევენ თუ არა
„სავანეს“ ქონებას?!
მასალის გამოყენების პირობები