24 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო
სასამართლოსთან, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინის
,,სავანეს’’ დემონტაჟის შესაჩერებლად აქცია გაიმართება.
მერია კაფე-ბარის დანგრევას და მის ადგილზე ახალი კვების ობიექტის
აშენებას გეგმავს, რასაც უსამართლობად და ძალმომრეობად აფასებენ კაფის
მფლობელები. მათი თქმით, კაფე კერძო საკუთრებაა და ადგილობრივ
მთავრობას მისი დანგრევის უფლება არ აქვს.
აქცია 11 საათზე დაანონსდა. 12 სააათზე კი საქალაქო სასამართლოში
პროცესია ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე დარინა აბულაძე
განიხილავს.
წინა სასამართლო პროცესზე, მერიამ კაფე-ბარის მეპატრონეებს იმ ახალი
კაფის სასყიდლით გადაცემა შესთავაზა, რომლის მშენებლობაც "სავანეს"
ნაცვლად იგეგმება. ტურაბელიძეებმა მაშინ განაცხადეს, რომ
საკითხზე იმსჯელებდნენ, მაგრამ როგორც გიორგი ტურაბელიძე ამბობს,
მერიის წარმომადგენლები მათ პროცესის შემდეგ არ შეხვედრიან.
,,იყო საუბარი მოლაპარაკებაზე, მაგრამ რაზე უნდა მოვილაპარაკოთ, როცა
არ გვეუბნებიან რა ფასად მოგვიწევს კაფის შესყიდვა? ცენტრალური
ბულვარის რეკონსტრუქციის საკითხზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია
გამოვლენილია, მაგრამ ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი ჯერ არ არსებობს.
აქედან გამომდინარე, ყველაფერი ბუნდოვანია და რაზე უნდა
შევთანხმდეთ?''-ამბობს კაფის თანამფლობელი გიორგი
ტურაბელიძე.
ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის
სასამართლო დავა წლების წინ დაიწყო. მერია ტურაბელიძეებს იმ მიწას
ედავებოდა, რომელზეც ,,სავანე’’ დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ,
რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა.
მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის
ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო
საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის
სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები