ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ყოფილ
მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს, UEFA-ს მითითების შესაბამისად,
მწვრთნელის ლიცენზია გაუუქმდა.
ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“
ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება
ფეხბურთელი ქალების მიერ დაწყებული სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე
მიიღო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „მართვეს“ მწვრთნელის მხრიდან 9 ქალი
ათლეტის მიმართ სექსუალური შევიწროება 2023 წლის 4 ივლისს დაადგინა და
კლუბსაც და მწვრთნელ პაატა დოგრაშვილს, მორალური ზიანის
ასანაზღაურებლად, 36 000 ლარის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა
ნიკაჭაძემ მიიღო.
ქალ ფეხბურთელებზე მწვრთნელი სექსუალურად, წლების განმავლობაში,
ძალადობდა. მსხვერპლებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.
მათ ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის" წარმოადგენდა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავდნენ, ეს პირველი სასამართლო
გადაწყვეტილება იყო, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი
ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა
მორალური ზიანის ანაზღაურება.
ამავე თემაზე:
სექსუალური შევიწროების ფაქტზე, ქუთაისის „მართვეს“
და მის მწვრთნელს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
მასალის გამოყენების პირობები