ქუთაისში არსებული ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოდან ერთადერთი -
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე ტუალეტი ფუნქციონირებს.
წითელი ხიდის მიმდებარედ არსებულ საპირფარეშოს რეაბილიტაცია
მუნიციპალური განვითარების
ფონდმა ჩაუტარა, თუმცა ტუალეტი ჯერ არ გახსნილა.
რაც შეეხება ჯავახიშვილისა და ხარებავას ქუჩებზე არსებულ
საპირფარეშოებს, ორივე მიტოვებულია და ორივე ანტისანიტარიის კერადაა
ქცეული. მოსახლეობა შექმნილ დისკომფორტზე საუბრობს.
,,ხარებავას ქუჩაზე ვცხოვრობ. ამ ადგილზე საპირფარეშოს არსებობა
აუცილებელია, რადგან აქ ავტობუსების ბოლო გაჩერებაა და მძღოლები აქ
იცდიან ხოლმე. თავმოყვარე ადამიანი ამ ტუალეტში არ შევა, საშინელი
სუნი და სიბინძურეა," - ამბობს ხარებავას ქუჩაზე მცხოვრები ნათელა
სვანიძე.
საზოგადოებრივი საპირფარეშო ავტოქარხანაში, ხარებავას ქუჩაზე
"ჯავახიშვილის ტუალეტთან ახლოს სასაფლაოა და ამ ადგილზე უამრავი
ადამიანი დადის, მაგრამ აქ როგორ შევა ადამიანი. საშინელება ხდება აქ,
ქვეწარმავლები დაძვრებიან და საშინელი ანტისანიტარიაა", -
ამბობს ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ქათამაძე.
ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე
ტუალეტი
ქუთაისის მერიას საპირფარეშოების გასხვისების
მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გატანილი
საპირფარეშოები არ გაიყიდა. ბოლოს წითელ ხიდთან მდებარე
საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციის ვალდებულება
მუნიციპალურმა ფონდმა აიღო.
მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ჯავახიშვილისა და ხარებავას
ქუჩებზე მდებარე საპირფარეშოების რეაბილიტაცია არ იგეგმება.
საპირფარეშოები 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ"
ააშენა, სამი წლის განმავლობაში ტუალეტები ეკონომიკის სამინისტროს
ბალანსზე იყო და ქუთაისის მერიას მხოლოდ 2015 წელს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები