ქუთაისის ე.წ. პრესის სახლის ყოფილ შენობაში, რომელიც დაახლოებით ერთი
წლის წინ გაიყიდა, სადემონტაჟო სამუშაობი ახლა დაიწყო.
შენობის ახალი მეპატრონის მიხეილ ჩუბინიძის თქმით, დემონტაჟი ობიექტის
მხოლოდ დაზიანებულ ნაწილს შეეხება და შემდეგ კი, შენობა თავიდან
შეიფუთება.
"დემოტაჟის პროექტი შეთანხმებული გვაქვს მერიასთან და იმის
მიხედვით ვახორციელებთ დემონტაჟს. კერძოდ, მხოლოდ გარე პერიმეტრი და
დაზიანებული ნაწილი რაც არის, ის შემოიხსნება და კარკასი დარჩება.
მერე თავიდან შეიფუთება, გაუკეთდება ფასადი. შემდეგ შევათანხმებთ უკვე
პროექტს, ესკიზს და დავიწყებთ მშენებლობას“, - განმარტავს მიხეილ
ჩუბინიძე.
"პრესის სახლის" ხუთსართულიან შენობაში სასტუმრო უნდა
მოეწყოს.
ობიექტში სხვადასხვა წელს რამდენიმე მედიაორგანიზაცია ფუნქციონირებდა.
ობიექტში ასევე საამქროები და პირველ სართულზე კაფე იყო მოწყობილი. ის
ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის ოქტომბერში, 3.14 მლნ ლარად
გაასხვისა.
"100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის" ფარგლებში,
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2
მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე
ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა - 154 "ბიჯის" შემდეგ
ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.
ჩუბინიძე რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის "ლიონ დეველოპერის".
მის მფლობელობაში გადადის ქუთაისში, რუსთაველის გამზირ N37ა-ში
მდებარე 2845.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი და მასზე არსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობები.
"პრესის სახლი" ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების
ეროვნულმა სააგენტომ საინვესტიციოდ გაამზადა. ქუთაისსა და მის
შემოგარენში საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტები (25 მსხვილი ობიექტი)
სააგენტომ პოტენციურ ინვესტორებს გასული წლის 15 ივნისს
წარუდგინა.
ამავე თემაზე:
"პრესის სახლის" ყოფილ შენობას რეკონსტრუქცია
ჩაუტარდება - საპროექტო სამუშაოები დაიწყო
ქუთაისში პრესის სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა
მასალის გამოყენების პირობები